ფეხბურთი

0:25 | 14.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

Tuttosport: იუვეს მაგიდაზე მიქაუტაძის სახელიცაა, ის შეიძლება მილიკის ალტერნატივა იყოს

გიორგი მიქაუტაძე ტურინის „იუვენტუსს“ დაუკავშირეს. ეს ინფორმაცია ამჯერად Tuttosport-მაც დაადასტურა, სადაც უფრო მეტი დეტალი გახდა ცნობილი.

ტურინული გაზეთი „ბებერი ქალბატონის“ შიდა სამზარეულოს კარგად იცნობს და საუბარია, რომ მასიმილიანო ალეგრი დღეს კლუბის წარმომადგენლებს, ფრანჩესკო კალვოსა და ჯოვანი მანას შეხვდა. მათ სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრეს. წყაროს თანახმად, „იუვენტუსი“ ადრიენ რაბიოსთან კონტრაქტის განახლების ცდილობს, რომელიც მიმდინარე თვის ბოლოს იწურება. მხარეები ამ საკითხზე ოპტიმისტურად უყურებენ, საუბარია ერთი წლით გახანგრძლივებაზე.

გარდა ამისა, გაზეთი წერს, რომ გიორგი მიქაუტაძე არკადიუშ მილიკის ალტერნატივად განიხილება. „იუვემ“ პოლონელის გამოსყიდვაზე უარი თქვა და მისი იჯარით შენარჩუნება სურს, მაგრამ „მარსელი“ შესაძლოა, ამ ვარიანტს არ დათანხმდეს.

„ახალ სახელებს შორის, გარდა პარიზისა და მისორისა, რათა დაცვის ფლანგები განახლდეს, მაგიდაზე გაჩნდა ფრანკო-ქართველის, გიორგი მიქაუტაძის სახელიც: „მეცის“ ცენტრალური თავდამსხმელი, რომელიც შეიძლება მილიკის ალტერნატივას წარმოადგენდეს იმ შემთხვევაში, თუ „მარსელთან“ იჯარაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. ახლა, ბურთი სატრანსფერო გუნდს გადაეცემა, რომელიც სრული დატვირთვით მუშაობს ჯუნტოლიმდე, რომელიც გააგრძელებს ურთიერთობას ალეგრისთან, მიუხედავად იმისა, რომ მაქსი მზადაა სარდინიაზე დასასვენებლად წავიდეს“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 34 მატჩში 27 გოლი გაიტანა. ის 23 გოლით ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ასევე ლიგა 2-ში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. „მეცი“ ლიგა 1-ში გადავიდა, გიორგის კი ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე აქვს გაფორმებული.

0.117563