საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ამჯერად ტურინის „იუვენტუსთან“ მიმართებაში ახსენეს.
ქართველი ფეხბურთელი ტურინულ გრანდს Gazzetta Dello Sport-ისა და Sportitalia-ს ჟურნალისტმა ჯოვანი ალბანეზემ დაუკავშირა, რომელმაც საკუთარ იუთუბ არხზე დღევანდელ ვიდეოში საუბარი სწორედ გიორგის შესახებ დაიწყო. ალბანეზე ხსენებულ გამოცემებში კონკრეტულად „იუვეს“ თემებზე მუშაობს და კლუბის შიდა სამზარეულოს კარგად იცნობს.
ალბანეზეს ცნობით, „იუვენტუსი“ ჯერ მხოლოდ მონიტორინგის ეტაპზეა და მოლაპარაკებები არ დაწყებულა, მაგრამ ფეხბურთელისადმი ინტერესს ავრცელებს. ის „იუვენტუსის“ ტიფოზებს მიქაუტაძეც აცნობს, ამბობს, რომ ორმაგი მოქალაქეობა აქვს, საფრანგეთის და საქართველოს, ხოლო ეროვნულ ნაკრებში ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელია. ჯოვანის განცხადებით, გიორგით რამდენიმე კლუბი ინტერესდება, მათ შორის, იტალიაშიც, სადაც ყველაზე მოწინავე პოზიციაზე ამ ეტაპზე „მილანია“. იტალიელი ჟურნალისტის განცხადებით, „მეცი“ 22 წლის ქართველს 6-12 მილიონი ევროს ფარგლებში შეელევა.
მიქაუტაძის ინტერესის შესახებ წერს Tuttosport-იც, რომლის სტატიაში ნათქვამია, რომ "იუვენტუსმა" შეიძლება ქართველი არეკ მილიკის ალტერნატივად განიხილოს, რომელსაც "მარსელიდან" იჯარა ამოეწურა, მის გამოსყიდვას კი ტურინელები არ აპირებენ. თუმცა, "ბებერი ქალბატონის" მიზანია, რომ პოლონელი ისევ იჯარით დაიტოვონ, მაგრამ თუ შეთანხმება არ შედგა, მიქაუტაძე ალტერნატიულ ვარიანტად განიხილება. არც ისაა გამორიცხული, რომ ამ ტრანსფერზე კრისტიანო ჯუნტოლიმ იმუშაოს, რომელმაც "ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელია გადაიბირა. ჯუნტოლი ნეაპოლურ გუნდს ტოვებს და "იუვეში" გადასვლასთან ახლოსაა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 34 მატჩში 27 გოლი გაიტანა. ის 23 გოლით ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ასევე ლიგა 2-ში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.