სერია A-ში „ვერონა“ დარჩა, „სპეცია“ - გავარდა. ამ გუნდებმა სეზონი თანაბარი ქულებით დაასრულეს და გადათამაშება დაინიშნა, სადაც ვენეტოელებმა ლიგურიელებს აჯობეს.
რეჯო ემილიაში „ვერონამ“ 3:1 მოიგო. სირილ ნგონჟემ დუბლი შეასრულა და მატჩის გმირი გახდა. ერთიც დავიდე ფარაონიმ გაიტანა, რომელიც 68-ე წუთზე გააძევეს და „სპეციამ“ პენალტის შესრულების უფლება მიიღო, მაგრამ მბალა ნზოლამ ის ვერ გაიტანა, არადა, რომ გაეტანა, ანგარიში 2:3 ხდებოდა და მის გუნდს შანსს უტოვებდა. „სპეციადან“ ერთადერთი გოლი ეთან ამპადუს აქტივშია.
ამრიგად, „ვერონა“ მომდევნო სეზონსაც ელიტაში გაატარებს, ხოლო „სპეცია“ სერია A-ში გატარებული 3 სეზონის შემდეგ სერია B-ს დაუბრუნდა, დრამატული მარცხით.
სერია A-ს მომდევნო სეზონში ითამაშებენ „ნაპოლი“, „ლაციო“, „ინტერი“, „მილანი“, „ატალანტა“, „რომა“, „იუვენტუსი“, „ფიორენტინა“, „ბოლონია“, „ტორინო“, „მონცა“, „უდინეზე“, „სასუოლო“, „ემპოლი“, „სალერნიტანა“, „ლეჩე“, „ფროზინონე“, „ჯენოა“ და „კალიარი“.