სხვა

2:39 | 11.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო რეკორდები პარიზის ბრილიანტის ლიგის შეხვედრაზე

მძლეოსანთა ბრილიანტის ლიგის ტურნირის პარიზლი შეხვედრაზე, მსოფლიოს სამი რეკორდი დამყარდა. ახალი რეკორდების ავტორები არიან კენიელი ფაით კიპიეგონი, ეთიოპიელი ლამეჩა გირმა და ნორვეგიელი იაკობ ინგებრიგტსენი.

კიპიეგონმა, ვინც უფრო ადრე, მსოფლიო რეკორდი 1 500 მეტრზე სირბილში დაამყარა, 5 000 მეტრზე გამორჩეულ რეკორდს თავადაც არ ელოდა, მაგრამ მაინც ყველა დროის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ეს მიღწევა მით უფრო მოულოდნელი იყო, რომ 29 წლის მორბენალმა ამ დისტანციაზე, ბოლო რვა წელიწადში პირველად იასპარეზა.

კიპიეგონმა, ვისაც 1 500 მეტრზე, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ორ-ორი ოქროს მედალი აქვს მოპოვებული, აჯობა წინა რეკორდის ავტორს, ეთიოპიელ ლეტესენბეტ გიდის, ვინც ფინიშამდე 700 მეტრით ადრე ჩამოიტოვა. მისი შედეგია 14 წუთი და 05.20 წამი და მას გამარჯვება პირველმა სწორედ გიდიმ მიულოცა.

გირმამ თავისი რეკორდი 3 000 მეტრზე სტიპლჩეიზში დაამყარა. მან ფინიშის ხაზი შვიდ წუთსა და 52.11 წამში გადაკვეთა და წინა რეკორდი, რომელიც კატარელ საიფ საიდ შაჰინს ეკუთვნოდა, დაახლოებით, წამნახევრით გააუმჯობესა.

რაც შეეხება ინგებრიგტსენს, მან მსოფლიო რეკორდი არასტანდარტულ დისტანციაზე - ორ მილზე (დაახლოებით 3.2 კილომეტრი) დაამყარა. 22 წლის ნორვეგიელმა, ვინც ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქრო 1 500 მეტრზე მოიპოვა, ამჯერად ფინიშს შვიდ წუთსა და 54.10 წამში მიაღწია და დაახლოებით ოთხწამნახევრით გააუმჯობესა ძველი რეკორდი, რომელიც კენიელმა დანიელ კომენმა 1997 წელს დაამყარა.

0.146935