ფეხბურთი

0:58 | 11.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტის" ნანატრი ტრიუმფი! გვარდიოლას გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო

2008 წელს, როდესაც შეიხმა მანსურმა „მანჩესტერ სიტი“ შეიძინა, მიზნად ჩემპიონთა ლიგის მოგება დაისახა, რომლის მისაღწევად მის კლუბს 15 წელი დასჭირდა.

შესაძლოა, „ქალაქელთა“ ამ ტრიუმფს უფრო ადრე ელოდნენ, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს - ისტორიაში პირველად „მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია!

პეპ გვარდიოლას გუნდმა სტამბოლში, „ათა თურქზე“ „ინტერი“ უმძიმეს ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. ფინალამდე ინგლისური გუნდი გამოკვეთილ ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ გაუჭირდა და ვერ ვიტყვით, რომ მოგებას ულაპარაკოდ იმსახურებდა, უფრო პირიქით, „ინტერი“ წაგებას არ იმსახურებდა.

პირველი ტაიმის ბოლოს კუნთის ტრავმის გამო თამაშს კევინ დე ბრუინი გამოეთიშა. ბელგიელმა ტრავმის გამო ორი წლის წინ „ჩელსისთან“ ფინალიც ვერ ჩაამთავრა და ახლაც იგივე უიღბლობა გადახდა თავს, მაგრამ ამჯერად მისმა გუნდმა მოიგო.

ერთადერთი გოლი მეორე ტაიმში როდრიმ გაიტანა, რომელმაც უნაკლოდ დაარტყა. ესპანელი საყრდენი ერთ-ერთი მოულოდნელი გმირია ამ ფინალის, მაგრამ სხვა გმირიც იყო მოედანზე: ედერსონი. ბრაზილიელმა მეკარემ მატჩის მიწურულს ორჯერ იხსნა საკუთარი გუნდი. ერთხელ ფედერიკო დიმარკოს დარტყმის მერე ბურთი ხარიხასაც მოხვდა, ხოლო დამატებაზე იგივე დიმარკო იტანდა, მაგრამ თანაგუნდელ რომელუ ლუკაკუს გაარტყა ბურთი. მოკლედ, სიმონე ინძაგის გუნდს შეეძლო გათანაბრება, ახლოსაც იყო, მაგრამ ვერ მოახერხა და მარცხი განიცადა.

სხვათა შორის, ინძაგიმ ზედიზედ 7 მოგებული ფინალის შემდეგ, ამჯერად წააგო გადამწყვეტი შეხვედრა. პეპ გვარდიოლამ კარიერაში მესამედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, როგორც მწვრთნელმა და პირველად 12-წლიანი პაუზის შემდეგ. მას თასების რაოდენობით ამ ტურნირზე მხოლოდ კარლო ანჩელოტი უსწრებს, ზინედინ ზიდანს კი გაუტოლდა.

ამრიგად, სტამბოლში, „ათა თურქზე“ მეორე ფინალი შედგა, ისევ ინგლისური-იტალიური და ამჯერადაც ინგლისურმა გუნდმა მოიგო (მანამდე „ლივერპულმა“ 2005 წელს). აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ მიმდინარე სეზონში სამივე ევროტურნირის ფინალში იტალიური გუნდი იყო გასული, მაგრამ სამივე დამარცხდა, სამივე დაძაბულ ბრძოლაში.

"მანჩესტერ სიტიმ" სეზონი ტრებლით დაასრულა: მოიგო პრემიერლიგა, ინგლისის თასი და ჩემპიონთა ლიგა!

და ბოლოს, მილანის შემდეგ მანჩესტერი გახდა მეორე ქალაქი, რომლის ორ გუნდს ჩემპიონთა ლიგა მოგებული აქვს...

„მანჩესტერ სიტი“ – „ინტერი“ 1:0 (0:0)

სტამბოლი, „ათა თურქ ოლიმპიკი“

„მანჩესტერ სიტი“ (3-2-4-1): ედერსონი; აკანჯი, რუბენ დიაში, აკე; სტოუნსი (უოკერი 82), როდრი; ბერნარდო სილვა, დე ბრუინი (ფოდენი 36), გიუნდოგანი, გრილიში; ჰოლანდი

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

„ინტერი“ (3-5-2): ონანა; დარმიანი (დ’ამბროზიო 84), აჩერბი, ბასტონი (გოზენსი 76); დუმფრისი (ბელანოვა 76), ბარელა, ბროზოვიჩი, ჩალჰანოღლუ (მხითარიანი 84), დიმარკო; ლაუტარო, ჯეკო (ლუკაკუ 57)

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

გოლი: 1:0 როდრი (68)

გაფრთხილება: ჰოლანდი (90), ედერსონი (90) - ბარელა (59), ლუკაკუ (83), ონანა (90), ინძაგი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (4) – 15 (5) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 2:4 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: შიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი)

0.159757