ფეხბურთი

1:29 | 10.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: "იტალიელები ფიქრობენ, რომ 0:0-ზე უპირატესობა აქვთ"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა თქვა, ის არ ეთანხმება ხალხს და არ ფიქრობს, რომ მისი გუნდი ფავორიტია.

„რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოგება ოცნებაც არის და აკვიატებაც, პოზიტიური გაგებით. ვგრძნობ, რომ მუცელში პეპლები მოძრაობენ და რაც უფრო ცოტა დრო დარჩება მატჩამდე, უფრო მეტად იმოძრავებენ. თუმცა, ეს საფეხბურთო მატჩია, არ ვფიქრობ, რომ ფავორიტები ვართ, ხალხის აზრის კონტროლი კი არ შემიძლია. „ინტერი“ ისტორიით ჩვენზე დიდი გუნდია, მაგრამ არც ამას აქვს მნიშვნელობა, მთავარია, რა მოხდება მოედანზე, რომელი გუნდი აჩვენებს უკეთეს თამაშს.

თამაშში შეიძლება ბევრი რამ იყოს გადამწყვეტი, ძნელია ერთის არჩევა. ჩვენი მეტოქე შესანიშნავად იცავს თავს, სიმშვიდეს არ კარგავს, დიდებული ცენტრალური მცველები ჰყავს, რომლებიც შეტევებს იწყებენ და ონანაც ძალიან მნიშვნელოვანია მათ თამაშში, ლაუტარო კი განსაკუთრებული ფეხბურთელია.

ჰოლანდმა ბოლო 7 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა? სტატისტიკაზე არ ვსაუბრობ, თუ ვინმე ფიქრობს, რომ მას პრობლემები აქვს, შეუძლია ამავე აზრზე დარჩეს. ეჭვი არ მეპარება მასში, მზად არის დაგვეხმაროს ჩემპიონთა ლიგის მოგებაში.

ჩემი წარმატების საიდუმლო? კარგი მოთამაშეები მყავს, დიდი ხნის წინ მესი მჭირდებოდა, ახლა კი - ჰოლანდი. არ ვხუმრობ! ყველა წარმატებულ მწვრთნელს სჭირდება ძლიერი და სტაბილური ფეხბურთელები, როგორც წესი, საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ საუკეთესო გუნდებში. არცერთ მწვრთნელს არ გაუტანია მოედანზე გოლი, მთავარი ფეხბურთელები არიან.

„ჩელსისთან“ ფინალი? ეს სრულიად განსხვავებული მატჩია, მეტოქე სხვაა, ორი წელი გავიდა, ბევრი რამ შეიცვალა, ფეხბურთელებიც შეიცვალა. დარწმუნებული ვარ, მაშინ ყველაფერი გავაკეთეთ მოსაგებად, მაგრამ არ გამოგვივიდა. ახლა მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ წარმატებისთვის.

ფინალში უნდა იყო სტაბილური და მომთმენი, თავიც კარგად უნდა დაიცვა და ბურთი აკონტროლო. მთავარი ისაა, რომ 0:0-ზე თავი არ უნდა ვიგრძნოთ არახელსაყრელ სიტუაციაში, რადგან იტალიელები ფიქრობენ, რომ 0:0-ზე უპირატესობა აქვთ და თავს გამარჯვებულად აღიქვამენ“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტისა“ და „ინტერის“ ფინალური შეხვედრა 10 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

0.113935