„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მილანელთა მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, მისი გუნდი გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს.
„მშვენიერი გრძნობაა აქ ყოფნა. ვიცით, რომ „მანჩესტერ სიტი“ მსოფლიოს უძლიერესი კლუბია, მაგრამ 11 11-ის წინააღმდეგ ვითამაშებთ და აქ ყოფნა დავიმსახურეთ. გულით და გონებით მოქმედება იქნება საჭირო, რთულ მომენტებშიც თამაშში უნდა დავრჩეთ.
ვიცით, როგორი მატჩის ჩატარება მოგვიწევს. „სიტიმ“ დაამტკიცა, რომ საუკეთესოა, მაგრამ ჩვენი განვლილი გზით ვამაყობთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საოცარი კონცენტრაციით ვითამაშოთ. შეცდომები მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ, რადგან ისინი ძალიან ძლიერები არიან.
ხვალ ჩვენთვის 47-ე თამაში იქნება, ძალიან გრძელი გზა გავიარეთ. წინა 46-მა თამაშმა მოგვცა საშუალება ხვალინდელი მატჩი გვეთამაშა. რთული მომენტები გამოვიარეთ, რამაც ზრდის საშუალება მოგვცა. დამსახურებული და დაუმსახურებელი წაგებებიც გამოვიარეთ, მაგრამ უფრო გავერთიანდით და ხვალ სწორედ ამ ერთიანობით უნდა ვითამაშოთ. ცოტა დრო გვქონდა იმაზე დასაფიქრებლად, რაც გავაკეთეთ, უბრალოდ ამ მომენტით ვტკბებით, ძალიან კონცენტრირებულები ვართ.
ვიცით, რომ გვაქვს შესაძლებლობა დავწეროთ ჩვენი კლუბის ისტორია. ვიცით, რომ რთული იქნება, მაგრამ ვეცდებით. სიტყვა, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა, არის „ერთად“ და ერთად ვეცდებით ამის გაკეთებას. მყავს ფეხბურთელები, რომელმაც იციან დიდ მატჩებში როგორ ითამაშონ. არ გყავს ფეხბურთელები, რომელთაც ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამოცდილება აქვთ, არც მწვრთნელი, მაგრამ ვიცით, რას ნიშნავს ფინალი. დეტალები შექმნიან განსხვავებას.
ვიცით, რომ ჩვენი წარმატება იტალიური ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი იქნება. ვწუხვარ „რომასა“ და „ფიორენტინას“ გამო, რომლებმაც ფინალი წააგეს, მაგრამ ვფიქრობ, იტალიურ ფეხბურთს დიდებული ევროსეზონი ჰქონდა და ეს ჩვენი ფეხბურთისთვის კარგი ნიშანია.
ვიცნობთ და ვიცით, ჰოლანდის ძალაც. მთელი გუნდი კარგად უნდა გავაკონტროლოთ, მათი დაცვა მყარია, ძალიან ცოტა მომენტს უტოვებენ მეტოქეს. შეიცვალეს შეტევების კონსტრუქციის მეთოდი, მაგრამ ვიცით, ვის ვეთამაშებით და ვეცდებით, ფინალისთვის შესაბამისი მატჩი ვითამაშოთ“, - თქვა ინძაგიმ.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტისა“ და „ინტერის“ მატჩი 10 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.