ფეხბურთი

12:47 | 9.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში იტალია და ურუგვაი შეხვდებიან

არგენტინაში მიმდინარე მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში იტალიის და ურუგვაის ნაკრებები ითამაშებენ.

სამხრეთამერიკელებმა ნახევარფინალში ისრაელის ნაკრებს დაძაბულ ბრძოლაში 1:0 აჯობეს, ხოლო იტალიელებმა სამხრეთ კორეა 2:1 დაამარცხეს. „აძურინი“ ულამაზესი გოლით მატჩის სტარტზე ჩეზარე კაზადეიმ დააწინაურა, რასაც აზიელებმა მალევე პენალტით უპასუხეს. თუმცა, 86-ე წუთზე 17 წლის სიმონე პაფუნდიმ საოცარი ჯარიმით გამარჯვების გოლი გაიტანა.

პაფუნდი იტალიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავია, რომელიც იტალიის ეროვნულ ნაკრებში რობერტო მანჩინიმ 16 წლის ასაკში გამოიძახა და დებიუტიც ჰქონდა. მასზე მანჩინიმ მარტში თქვა: „ჯერ არის პაფუნდი და შემდეგ სხვები. როდესაც სანაკრებო სიას ვწერ, ასე ვავსებ“. პაფუნდიმ იტალია მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში 20-წლამდელთა შორის ისტორიაში პირველად გაიყვანა.

ცალკე უნდა ითქვას კაზადეიზე, რომელმაც მიმდინარე მუნდიალზე მე-6 მატჩში მე-7 გოლი გაიტანა. არადა, ცენტრალური ნახევარმცველია და ცალსახად მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესო მოთამაშეა. ის ერთი წლის წინ „ჩელსიმ“ „ინტერიდან“ 20 მილიონ ევროდ შეიძინა, გასული სეზონი კი იჯარით ჩემპიონშიფის „რედინგში“ გაატარა.

იტალიისა და ურუგვაის ნაკრებების ფინალი 11 ივნისს გაიმართება.

0.114968