ლუის ჰამილტონი არასდროსაა კმაყოფილი, როდესაც მეორე ადგილს იკავებს, მაგრამ ეს „ტრადიცია“ ბარსელონაში რბოლის შემდეგ დაარღვია, რომელიც სწორედ მეორე ადგილზე დაასრულა. რბოლის შემდეგ, მან „მერსედესის“ მიერ ჩატარებული „მეგა სამუშაო“ შეაქო და განაცხადა, რომ მომავალ სეზონსაც ამ გუნდთან ერთად გაატარებს და მერვე ტიტულისთვის იბრძოლებს.
„მეგა სამშაოა ბიჭებო, ეს მეგა სამუშაოა“, - რადიოთი მიმართა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა თავის გუნდს.
„მანქანა შესანიშნავად მუშაობს. კიდევ გადასადგმელი გვაქვს ნაბიჯები იმისთვის, რომ რედ ბულთან ჩამორჩენა შევამციროთ, მაგრამ ეს იმაზე მეტია, რასაც ამ უქმეებზე ველოდი. ამ რბოლით სიამოვნება მივიღე. გამოცდილება მეუბნება, რომ თუ ბარსელონაში სწრაფი ხარ, ყველგან ასე იქნება“, - განაცხადა ჰამილტონმა.
კვარცხლბეკზე მასთან ერთად, თანაგუნდელი ჯორჯ რასელიც დადგა. ორივემ ერთად კი, „მერსედესს“ კონსტრუქტორთა ჩემპიონატში, მეორე ადგილზე გადანაცვლების საშუალება მისცა.
საინტერესოა, რომ თავისუფალი პრაქტიკების შემდეგ, ჰამილტონი კმაყოფილი არ იყო. გუნდმა მთელი ღამე ბოქსში გაატარა, სარეზერვო პილოტი მიკ შუმახერი კი ბაზაზე გაგზავნა, სიმულატორზე ინტენსიური სამუშაოს შესასრულებლად. თავად ჰამილტონი ბოქსში ღამის 11 საათამდე დარჩა. საბოლოოდ კი, ყველამ ერთად, მანქანის რბოლისთვის საუკეთესოდ მომზადება შეძლო.
რბოლის ბოლოს, ჰამილტონი გამარჯვებულ მაქს ფერსტაპენს 24 წამით ჩამორჩა, მაგრამ მას იმედი აქვს, რომ სეზონის ბოლოსთვის, ავსტრიულ გუნდთან პოაექრობა შესაძლებელი იქნება.
ჰამილტონი ამბობს, რომ უკვე მომავალ სეზონზე ფიქრობს და იმედ აქვს, რო „რედ ბულთან“ ტოლსწორად ბრძოლას, პირველივე ეტაპიდან შეძლებს. კითხვაზე, იქნება თუ არა მომავალ სეზონში „მერსედესში“, მან სწრაფად უპასუხა: „ახალი კონტრაქტისთვის ხელი ჯერ არ მომიწერია, მაგრამ ტოტო ვოლფს ამ დღეებში შევხვდები და იმედია, რამეზე მოვილაპარაკებთ“.
ვოლფი ამბობს, რომ კონტრაქტის გაფორმება ნახევარ საათში, ყავის დალევის დროს შეიძლება. ის ამბობს, რომ 20 წამი, თუნდაც უფრო რეალური 15, რითაც „რედ ბულს“ ჩამორჩებიან, მეტისმეტად ბევრია. მაგრამ დასძენს, რომ მისი გუნდი მანქანის სრულყოფის საქმეში ძლიერია და ამ ჩამორჩენის აღმოფხვრას შეძლებს.