დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს. გერმანულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 19 წლის ინგლისელი კლუბს დატოვებს.
მეორე მხრივ, As-ი წერს, რომ „რეალთან“ შეთანხმება მიღწეულია. „დორტმუნდი“ ბელინგემის სანაცვლოდ 103 მილიონ ევროს პლუს ბონუსებს მიიღებს. ამრიგად, ახალი სეზონიდან ინგლისელი ვარსკვლავი ესპანურ გრანდში ითამაშებს.
სამედიცინო შემოწმება უკვე ჩანიშნულია, ხოლო "რეალი" ტრანსფერის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ხვალ გააკეთებს. ინგლისელი მადრიდელებთან კონტრაქტს 2029 წლის 30 ივნისამდე გააფორმებს.
ჯუდ ბელინგემი „დორტმუნდში“ 2020 წლიდან ირჯებოდა. ამ პერიოდში მან 132 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა, კარიერა კი „ბირმინგემ სიტიში“ დაიწყო. ინგლისის ნაკრების მაისურით ბელინგემის აქტივში 24 თამაში და 1 გოლია.