„ჰამბურგი“ ისევ ბუნდესლიგის მიღმა დარჩა. ტიტულოვანი გერმანული გუნდი, მას შემდეგ ისტორიაში პირველად გავარდა ელიტიდან (2018 წელს), ვერაფრით ახერხებს ბუნდესლიგაში დაბრუნებას და ყოველთვის ძალიან ცოტა აკლდება.
ამჯერადაც ასე მოხდა: ჯერ იყო და, მეორე ბუნდესლიგის ბოლო ტურში „ჰამბურგის“ ფანებმა ბუნდესლიგაში აღზევება ნაადრევად იზეიმეს, რამაც ისინი კომიკურ ვითარებაშიც ჩააგდო. საბოლოოდ, HSV-ს პლეი-ოფში თამაში მოუწია, სადაც „შტუტგარტთან“ უშანსოდ, ორი მატჩის ჯამში 1:6 დამარცხდა.
„შვაბებმა“ შინ 3:0 მოიგეს, ამჯერად კი სტუმრადაც იმარჯვეს - 3:1. შედეგად, „შტუტგარტმა“ ბუნდესლიგაში ადგილი შეინარჩუნა, ხოლო „ჰამბურგი“ მომდევნო სეზონსაც მეორე ბუნდესლიგაში გაატარებს, იმ იმედით, რომ მორიგ ცდაზე მაინც მოახერხებს ელიტაში დაბრუნებას.