ფეხბურთი

22:26 | 4.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ნაპოლიმ“ სეზონი გამარჯვებით დაასრულა

„ნაპოლიმ“ სერია A-ს ბოლო, 38-ე ტურში შინ „სამპდორია“ 2:0 დაამარცხა, საბოლოოდ 90 ქულა დააგროვა და 16 პუნქტით გაუსწრო მეორეადგილოდან „ლაციოს.“

საკუთრივ მატჩის სიუჟეტი ისეთივე გახლდათ, როგორსაც ბოლო დროს მივეჩვიეთ, ანუ მას შემდეგ, რაც ლუჩანო სპალეტის გუნდმა ჩემპიონობა ოფიციალურად გაიფორმა. აღარ არის ჟინი და ის მოტივაცია, რითიც ნეაპოლელებმა თავი შეგვაყვარეს.

პირველი ტაიმი არაფრით გამირჩეული იყო. მეორეს დასაწყისში კი მასპინძლები ცოტა აჩქარდნენ, ტემპს უმატეს და ამას შედეგიც მოჰყვა. ვიქტორ ოსიმენი მეტოქის საჯარიმოში წააქციეს. პენალტი თავად ვიქტორმა დაარტყა ზუსტად. ეს ნიგერიელის 26-ე გოლი გახლდათ სერიას მიმდინარე სეზონში და ის ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მერე თავი ჯოვანი სიმეონემ გამოიჩინა. „ჩოლიტომ“ ულამაზესი ბურთი შეაგდო შორიდან და ის დიეგო მარადონას მიუძღვნა, მისი რეტრო მაისურა ჩაიხუტა და ასე აღნიშნა გოლი.

ხვიჩამ რამდენჯერმე გაამწვავა თამაში. ერთხელ მისი დარტყმული ოდნავ ასცდა კარს, რამდენჯერმე მოხდენილი გადაცემაც შესრულა.

ახლა ნეაპოლელებს ჩემპიონის თასს გადასცემენ, შემდეგ კი „მარადონაზე“ გრანდიოზული კონცერტი გაიმართება. ნეაპოლში კიდევ ერთი ზეიმის დროა...

0.121101