პორტუგალიელმა თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ტრავმის გამო „ალ ნასრის“ სეზონის ბოლო მატჩი გამოტოვა. ოთხი დღით ადრე მან კუნთის ტრავმა მიიღო. სამწვრთნელო შტაბმა კრიშტიანუს პორტუგალიის ნაკრებში გამგზავრებამდე დასვენებისა და გამოჯანმრთელების დრო მისცა - გვამცნობს ESPN.
რონალდუს გარეშე „ალ-ნასრმა“ „ალ-ფატეჰს“ ანგარიშით 3:0 მოუგო. თუმცა, ადრე კრიშტიანუს კლუბს უკვე დაეკარგა ჩემპიონობის შანსები, ამიტომ სეზონის ბოლო მატჩმა ვერაფერი გადაწყვიტა.
რონალდუ „ალ-ნასრს“ ზამთარში შეუერთდა. თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონი „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით კლუბი მწვრთნელთან და ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო დატოვა. „ალ-ნასრის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 19 მატჩში რონალდუმ 14 ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.