მოთამაშეთა ხელფასებთან დაკავშირებული მაქინაციების გამო, ტურინის „იუვენტუსს“ სერია ა-ში ქულებს აღარ ჩამოაკლებენ.
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სასმართლოში ტურინული კლუბის მხრიდან განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე მოსმენა გაიმართა და „იუვეს“ კიდევ 2-3 ქულის ჩამოკლება ემუქრებოდა. თუმცა, სასამართლომ კლუბის მხრიდან დანაშაულის აღიარება მხედველობაში მიიღო და მხოლოდ ფულადი ჯარიმით დასაჯა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე „იუვენტუსს“ ერთბაშად 10 ქულა ჩამოაკლეს, რის შედეგადაც იმ დროისთვის მე-2 ადგილიდან მეშვიდემდე დაქვეითდა.
ამჟამად ტურინელებს 59 ქულა აქვთ და ბოლო ტურში მოგების შემთხვევაში, მაქსიმუმ მე-5 ადგილზე ასვლის შანსი გააჩნიათ.