მეორე ბუნდესლიგის 34-ე ტურის მატჩში „ჰაიდენჰაიმმა" სტუმრად დრამატულ დაპირისპირებაში რეგენსბურგის „იანს" ანგარიშით 3:2 მოუგო და ისტორიაში პირველად აღზევდა ბუნდესლიგაში.
„ჰაიდენჰაიმს“ არასოდეს უთამაშია გერმანიის უძლიერეს საფეხბურთო დივიზიონში. არადა გუნდი 1911 წელს დაარსდა, თუმცა სპორტული კლუბი, რომელთანაც ის დაფუძნდა, 1846 წელს შეიქმნა.
ჰაიდენჰაიმი პატარა, 50-ათასიანი ქალაქია და შტუტგარტის ადმინისტრაციულ ოლქს ექვემდებარება.
„ჰაიდენჰაიმს“ ბუნდესლიგაში გასასვლელად ბოლო ტურში გამარჯვება სჭირდებოდა. მატჩის განმავლობაში 0:2 აგებდა. 58-ე წუთზე ერთი გოლის გატანა მოახერხა. მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. მატჩი დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც 90+3-ე და 90+9-ე წუთებზე ჰაიდენჰამელებმა კიდევ ორი გოლის გატანა მოახერხეს და 3:2 გაიმარჯვეს.
ამგვარად, გუნდმა 67 ქულა დააგროვა, დამატებითი მაჩვენებლებით „დარმშტადტს“ აჯობა და მეორე ბუნდესლიგა მოიგო. მესამე ადგილზე გასული „ჰამბურგი“ ფლეი-ოფში „შტუტგარტთან“ ითამაშებს.