სხვა

1:17 | 25.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯიროს მე-17 ეტაპი იტალიელმა ალბერტო დაინეზემ მოიგო

ჯირო დ’იტალია დასასრულს მიუახლოვდა. დარჩა სამი, ურთულესი ეტაპი, რომლებზეც გამარჯვებულის ვინაობა გაირკვევა. მანამდე კი მონაწილეებს სულის მოთქმის საშუალება, მე-17 ეტაპზე მიეცათ, რომელიც მასობრივი ფინიშით დასრულდა. საფინიშო სპრინტში გამარჯვება იტალიელმა ალბერტო დაინეზემ მოიპოვა. უელსელმა გერეინ თომასმა კი ლიდერის ვარდისფერი მაისური შეინარჩუნა.

რბოლის მიწურულს, დაინეზემ (ტიმ DSM) სპრინტში, რამდენიმე სანტიმეტრით უკან მოიტოვა თანამემამულე ჯონათან მილანი (ბაჰრეინ ვიქტორიოუს) და ავსტრალიელი მაიკლ მეთიუზი (ჯეიკო-ალულა), რომლებმაც შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.

„ბოლო მეტრებზე უკანასკნელი ძალები მოვიკრიბე. ნამდვილად ზღვარზე ვიყავი და დავინახე, რომ ჯონი მიხლოვდებოდა. ბაიკის წინ წაგდება არ შემეძლო, რადგან ამის ძალა აღარ მქონდა, მაგრამ ჩემდა ბედად, მას რამდენიმე სანტიმეტრით მაინც გავუსწარი. წინა დღეებში მუხლის პრობლემები მქონდა, დღეს პირველად ვიგრძენი, რომ მოვმჯობინდი, დაახლოებით 80 პროცენტით. ასეთი პრობლემების შემდეგ გამარჯვების მოპოვება, საოცარია“, - განაცხადა დაინეზემ.

სპრინტში მონაწილეობა მიიღო ბრიტანელმა მარკ კავენდიშმაც, ვინც ახლახანს გამოაცხადა, რომ სეზონის ბოლოს, კარიერას დაასრულებს. მან თავიდან კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ დაიღალა და გამარჯვებისთვის ბრძოლაზე ხელი აიღო.

„ინეოსის“ თომასი გადამწყვეტი ეტაპების წინ, ისევ 18 წამს უგებს მეორეზე მყოფ პორტუგალიელ ჟოაუ ალმეიდას (UAE ტიმ ემირატსი), მესამეზე კი ისევ სლოვენიელი პრიმოჟ როგლიჩია (ჯუმბო-ვისმა).

მე-18 ეტაპზე, მონაწილეებს ორი პირველი კატეგორიის აღმართის გავლა მოუწევთ.

0.139076