ფეხბურთი

23:22 | 20.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელის კატასტროფა "ბაიერნში", ახლა ყველაფერი "დორტმუნდის" ხელშია!

როცა „ბაიერნიდან“ იულიან ნაგელსმანი დაითხოვეს და ტომას ტუხელით შეცვალეს, „რეკორდმაისტერი“ ჩემპიონთა ლიგის, ბუნდესლიგისა და გერმანიის თასის მოსაგებად იბრძოდა.

თუმცა, მოვლენები სწრაფად შეიცვალა: ტუხელის „ბაიერნი“ ჯერ თასიდან გავარდა, მერე ჩემპიონთა ლიგიდან, ორივე ტურნირზე მეოთხედფინალიდან, ხოლო ახლა ძალიან ახლოსაა, რომ 2012 წლის შემდეგ პირველად ბუნდესლიგაც ვერ მოიგოს!

„ბაიერნმა“ ბოლოსწინა ტურში შინ „ლაიფციგთან“ წააგო. სერჟ გნაბრის გოლით მიუნხენელები დაწინაურდნენ და 65-ე წუთამდე იგებდნენ, მაგრამ შემდეგ „ალიანს არენა“ შოკში ჩავარდა. სტუმრებმა ჯერ გაათანაბრეს, მერე კი ორჯერ მოიპოვეს პენალტის დარტყმის უფლება, რომლებიც კრისტოფერ ნკუნკუმ და დომინიკ შობოშლაიმ გაიტანეს - 1:3! „ლაიფციგმა“ „ალიანს არენაზე“ ისტორიაში პირველად მოიგო და თან როგორ დროს?! თვითონ ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდა, ხოლო „ბაიერნს“ ვერცხლის სინს აკარგვინებს.

„ბაიერნი“ „დორტმუნდს“ ერთადერთი ქულით უსწრებს, მაგრამ საქმე ისაა, რომ „ყვითლებს“ ამ ტურში არ უთამაშიათ. „ბორუსია“ ხვალ „აუგსბურგს“ ესტუმრება და თუ მოიგებს, ბოლო ტურის წინ 2-ქულიან უპირატესობას მოიპოვებს! ამრიგად, „დორტმუნდს“ 11-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონობის შანსი გაუჩნდა. სხვათა შორის, ორი ტურის წინაც ყველაფერი ამ გუნდის ხელში იყო, მაგრამ მაშინ ვერ მოიგო, ახლა „დორტმუნდს“ კიდევ ერთი შანსი მიეცა, რომელსაც თუ ვერ გამოიყენებს, მაშინ არც არაფრის ღირსი იქნება...

„ბაიერნი“ კი უტიტულოდ რჩება, რაც „რეკორდმაისტერისთვის“ სრული კატასტროფაა. მიუნხენელები ბოლო ტურში „კიოლნს“ სტუმრად ხვდებიან, მაგრამ ახლა საკუთარ თავზე აღარ არიან დამოკიდებულნი.

ბოლო ტურში დიდი ბრძოლაა მეოთხე ადგილისა და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მოსალოდნელი. „უნიონმა“ „ჰოფენჰაიმთან“ წააგო და „ფრაიბურგმა“ „ვოლფსბურგს“ აჯობა. შედეგად, ორივე გუნდს 59-59 ქულა აქვს. დასკვნით ტურში „ფრაი“ „აინტრახტს“ ესტუმრება, „უნიონი“ „ვერდერს“ უმასპინძლებს.

თუ ერთი ბერლინური გუნდი ჩემპიონთა ლიგასთან ახლოსაა, მეორე დედაქალაქური კლუბი, „ჰერტა“ ბუნდესლიგიდან გავარდა, რომელმაც შინ „ბოხუმს“ ვერ მოუგო. მეორე წარუმატებელი გუნდისა და პლეი-აუტის მონაწილე ბოლო ტურში უნდა გაირკვეს, „ბოხუმს“, „შალკესა“ და „შტუტგარტს“ შორის.

აქვე ვთქვათ, რომ მეორე ბუნდესლიგიდან უკვე აღზევდა „დარმშტადტი“, ხოლო „ჰაიდენჰაიმი“ და „ჰამბურგი“ ბოლო ტურში გაარკვევენ, ვინ გადავა პირდაპირ და ვინ ითამაშებს პლეი-ოფში.

„ბაიერნი“ – „ლაიფციგი“ 1:3 (1:0)

გოლები: 1:0 გნაბრი (25), 1:1 ლაიმერი (65), 1:2 ნკუნკუ (76, პენ), 1:3 შობოშლაი (86, პენ)

0.115883