კალათბურთი

11:01 | 19.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ლეიკერსი" ამჯერად ჯამალ მარიმ დაჩაგრა: ლებრონი და კამპანია ფინალურ სერიაში 0:2 ჩამორჩნენ (+VIDEO)

2:0! ამ ანგარიშით იგებს სერიას დასავლეთ კონფერენციის ფინალურ დაპირისპირებაში „დენვერ ნაგეთსი“ "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან". მაიკლ მელოუნის გუნდს წინა თამაშის მსგავსად მთელი თამაში უპირატესობა არ ჰქონია, პირიქით, სულ მდევრის როლში იყო, თუმცა ბოლო მეოთხედი "ნაგეთსმა" კარგად ჩაატარა და 5-ქულიანი სხვაობით 108:103 მოიგო.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი ჯამალ მარიმ შეიტანა. „დენვერის“ 26 წლის კანადელ კალათბურთელს 37 ქულა, 10 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა ჰქონდა.

მისთვის ყველაზე შედეგიანი ბოლო მეოთხედი გამოდგა, რადგან ზედიზედ 5 სროლა გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 12 წუთში 23 ქულა სწორედ მის ანგარიშზეა, 1-ით ნაკლები ვიდრე მთელმა „ლეიკერსმა“ ჩააგდო.

სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, მარის სროლები უფრო კარგად რომ გამოეყენებინა, ბევრად მეტი შეეძლო. თუმცა, ეს მას არ აკნინებს. 24-დან 11 ზუსტად ისროალა, რომელთაგანაც 14-დან 6 სამქულიანი, 10-დან 5 ორქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო იყო.

წინა შეხვედრის მსგავსად სამმაგი დუბლით დაასრულა თამაში ნიკოლა იოკიჩმა. სერბმა ამჯერად 41:57 წუთში 23 ქულა, 17 მოხსნა და 12 პასი დააგროვა. ტრიპლ დაბლი ნიკოლამ პოსტსეზონში უკვე მეშვიდედ მიითვალა და უილტ ჩემბერლენის რეკორდი გაიმეორა. მაგრამ საინტერესოა, რომ მან ვერცერათი სამიანი ვერ გამოიყენა. 18-დან კი მხოლოდ 9 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმო ხაზიდან 6-დან 5. ყველაზე სუსტად კი სწორედ დასკვნით პერიოდში გამოიყრებოდა.

„ლეიკერსიდან“ ქულების მხრივ 4 კალათბურთელი გამოირჩა. მათ შორის ყველაზე დიდი საქმე ლებრონ ჯეიმსმა გააკეთა. მეფეს ამ შეხვედრაშიც შეეძლო სამმაგი დუბლი გაეფორმებინა, თუმცა ამჯერად 1 მოხსნა დააკლდა. მის ანგარიშზე 22 ქულა, 9 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემაა. ლებრონმა 6 სამქულიანი გააცუდა და ვინ იცის რამდენიმე რომ გამოეყენებინა, დღეს სერიაში თანაბარი ანგარიში ყოფილიყო.

ზოგადად შეხვედრაზე სამქულიანებმა დიდი ზეგავლენა მოახდინა, რადგან „ლეიკერსის“ კალათბურთელებმა მთელ თამაშში შორი დისტანციიდან 30-ჯერ ისროლეს და მათგან მხოლოდ 8 გამოიყენეს, დენვერმა კი 7 მხოლოდ ბოლო პერიოდში ჩააგდო.

22 ქულით დაასრულა მატჩი ოსტინ რივსმა. 24 წლის მცველს ასევე 3 მოხსნა და 5 პასიც ჰქონდა. 21 ქულა მიითვალა ჰაჩიმურამ, იაპონელს შესანიშნავი პირველი ტაიმი ჰქონდა. მან 17 ქულა სწორედ პირველ 24 წუთში ჩააგდო და „ლეიკერსიდან“ ყველაზე შედეგიანიც იყო. ხოლო ენტონი დევისმა ამჯერად 18 ქულა და 14 მოხსნა გაახერხა.

მაშ ასე, „დენვერს“ უკვე საგრძნობი უპირატესობა აქვს. მათ ორივე საშინაო შეხვედრა მოიგეს, შემდეგი დაპირისპირება კი უკვე 21 მაისს, ლოს ანჯელესში შედგება.

0.115983