დიდი სლემის 22-გზის ჩემპიონი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, რაფაელ ნადალი, 2023 წლის „როლან გაროსზე“ არ ითამაშებს - წერს ესპანური გამოცემა Relevo. წყაროს ცნობით, ჩოგბურთელმა ტრავმა ბოლომდე ვერ მოიშუშა.
შეგახსენებთ, რომ 36 წლის ნადალი ავსტრალიის ღია პირველობის მეორე ტურში ამერიკელ ჩოგბურთელ მაკენზი მაკდონალდთან მატჩის დროს დაშავდა. მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ ჩოგბურთელს მარცხენა ფეხის კუნთის დაჭიმვა დაუდასტურა. მას შემდეგ ესპანელი კორტზე აღარ გასულა. ივნისში ნადალი 37 წლის გახდება.
„როლან გაროსი“ 2023 წლის 28 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით გაიმართება. ნადალმა შარშან ეს ტურნირი მეთოთხმეტედ მოიგო, რაც აბსოლუტური რეკორდია.