„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ მადრიდის „რეალთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ის გუნდი გაიმარჯვებს, რომელიც ამას დაიმსახურებს.
„როდესაც აქ მოვედი, არავის უთქვამს, რომ ჩემპიონთა ლიგა უნდა მომეგო. მათ მითხრეს: „ეცადე, ყველაფერი გააკეთო“. ჩვენ ყველა თასი მოვიგეთ ამ ერთის გარდა, შარშან წავაგეთ „რეალთან“, მანამდე „ჩელსისთან“ და რა თქმა უნდა, მოგება გვინდა. ხალხი ამბობს, რომ ახლოს ვართ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჯერ არ ვართ ახლოს. ამავდროულად, ამ ეტაპზე თამაში ოცნებაა, რადგან ვერავინ მოგვცემს გარანტიას, რომ მომავალში ისევ აქ ვიქნებით.
არ ვართ იმდენად სულელები, რომ ვერ ვხვდებოდეთ რამდენად მნიშვნელოვანია ეს დღე. ფეხბურთელებს ვეუბნები, რომ ამ მომენტით ისიამოვნონ, წარმოუდგენლად გაგვიმართლა, რომ აქ ვართ. ყველაფერი ჩვენს ხელშია და არ გვჭირდება რაღაც საოცრების გაკეთება, უბრალოდ საკუთარი თავის უნდა გვჯეროდეს და ყველაფერი გავიღოთ. რაც არ უნდა მოხდეს, მადლობელი ვარ, რომ აქ ვართ. იმედი მაქვს, გაიმარჯვებს გუნდი, რომელიც დაიმსახურებს. არ აქვს მნიშვნელობა რომელი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენ ვიქნებით. ჩემპიონთა ლიგის 10 ნახევარფინალი ვითამაშე და 7 წავაგე, ვიცი, რომ ფეხბურთში ძალიან ბევრი რამეა, რასაც ვერ აკონტროლებ“, - თქვა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტისა“ და „რეალის“ მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.