„ნაპოლის“ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ვიქტორ ოსიმენის შენარჩუნება სურს. ნიგერიელ ფეხბურთელს ბრწყინვალე სეზონიდან გამომდინარე არაერთი მსურველი ჰყავს, რაც ნეაპოლელთა მიზანს ართულებს.
თუმცა, იტალიური მედია წერს, რომ დე ლაურენტისი ყველაფერს გააკეთებს მისი ერთი სეზონით მაინც შესანარჩუნებლად. Rai-ის ინფორმაციით, „ნაპოლის“ პრეზიდენტი მზადაა, ვიქტორის კონტრაქტს გადახედოს და ხელფასი გაუზარდოს. ნეაპოლურ კლუბში სახელფასო ჭერი 3 მილიონი ევროა, ოსიმენი კი უკვე ამაზე მეტს, 4 მილიონს გამოიმუშავებს, მაგრამ ისინი მზად არიან გამონაკლისი ისევ დაუშვან და ხელფასი მოუმატონ.
თავის მხრივ, ცნობილია, რომ ოსიმენით „ჩელსი“, „მანჩესტერი“ და პსჟ ინტერესდებიან. ლონდონელთა შემთხვევაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი მზად არიან 110 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადონ, ამასთან ერთად იტალიელებს კეპა არისაბალაგა და კრისტიან პულიშიჩი დაუთმონ.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 36 მატჩში 28 გოლი გაიტანა.