ფეხბურთი

20:38 | 16.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

კრისტიან ვიერი: "კვარაცხელია თანამედროვე ჯორჯ ბესტია, ყველაზე მეტად მან გამაოცა"

იტალიის ნაკრებისა და მილანის „ინტერის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კრისტიან ვიერიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და თქვა, რომ ყველაზე მეტად მან გააოცა. „ბობომ“ ხვიჩას 2020-იანი წლების ჯორჯ ბესტი უწოდა და გარდა ამისა, კომენტარი „ნაპოლიზეც“ გააკეთა.

„სპალეტი უნდა შევაქოთ? ლუჩანოს მეგობარი ვარ და ჩემთვის ადვილია მასზე კარგად ლაპარაკი. ველოდებით მას სტუმრად Bobo TV-ში, როცა თვითონ მოინდომებს, მას ყველა მოუსმენს. „ნაპოლიმ“ ევროპის საუკეთესო ფეხბურთი ითამაშა და სკუდეტო დამსახურებულად მოიგო, საოცარი ფეხბურთის თამაშით. შოუ აჩვენეს და სუპერდამსახურებულად იმარჯვეს.

რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა დასანანი იყო, მაგრამ საბოლოოდ, ამის მიუხედავად, „ნაპოლის“ სეზონს 10 ქულით შევაფასებდი. ზოგიერთ მატჩში ისინი სულაც სრულყოფილები იყვნენ, საოცარი 10 თვე გაატარეს, ეს ყველაფერი კი მას შემდეგ, რაც ივლისში გუნდი პრაქტიკულად დაიშალა, როდესაც მნიშვნელოვანი ფეხბურთელები წავიდნენ.

ვინ გამაოცა ყველაზე მეტად? კვარამ! ის 2020-იანი წლების ჯორჯ ბესტია, არავინ ელოდა ასეთ გადამწყვეტ ფეხბურთელს, გოლებით, საგოლე პასებით და უბრალოდ მოედანზე თავისი მოქმედებებით. მასთან ერთად კიმმაც გამაოცა.

რა არის საჭირო კიდევ უფრო მაღალი მიზნებისთვის? უნდა შეინარჩუნონ ისეთი ავტორიტეტები, როგორებიც სპალეტი და ჯუნტოლი არიან. იმისათვის, რომ იბრძოლო კვლავ სკუდეტოს მოსაგებად ან ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად, უნდა შეინარჩუნო ყველა საკვანძო მოთამაშე. ისე არ ხდება, რომ ყოველ წელს საუკეთესოები გაუშვა და მაინც გაიმარჯვო. პლუს ამას, საჭირო იქნება რამდენიმე საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელის დამატება, მაგრამ ხერხემალი უნდა დარჩეს“, - თქვა ვიერიმ.

0.110131