ინგლისის პრემიერლიგაში საჩემპიონო ინტრიგა ალბათ, საბოლოოდ მოკვდა. 36-ე ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ მოიგო, ხოლო „არსენალმა“ წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ „მეთოფეთა“ საჩემპიონო ამბიციას წერტილი ალბათ საბოლოოდ დაესვა.
„მანჩესტერ სიტიმ“ ლივერპულში „ევერტონს“ ილქაი გიუნდოგანის დუბლით და ერლინგ ჰოლანდის გოლით 3:0 აჯობა, რის შედეგადაც, ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ჰოლანდმა პრემიერლიგაში 36-ე გოლი გაიტანა და ენდი კოულისა და ალან შირერის რეკორდი გააუმჯობესა ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით. თავის მხრივ, „არსენალმა“ ამავე ანგარიშით შინ წააგო „ბრაიტონთან“.
ზოგადად, რობერტო დე ძერბის „ბრაიტონი“ მიმდინარე სეზონის ნამდვილი აღმოჩენაა და საოცარ ფეხბურთს თამაშობს, რაც „ემირეითს სთედიუმზეც“ დაამტკიცა.
„სიტის“ 85 ქულა აქვს, „არსენალს“ – 81. თანაც, მანჩესტერელებს სეზონის ბოლო 3 თამაში აქვთ ჩასატარებელი პრემიერლიგაში, ხოლო ლონდონელებს ორი, რაც იმას ნიშნავს, რომ „არსენალის“ ჩემპიონობა პრაქტიკულად წარმოუდგენელია.
„ევერტონი“ – „მანჩესტერ სიტი“ 0:3 (0:2)
გოლები: 0:1 გიუნდოგანი (37), 0:2 ჰოლანდი (39), 0:3 გიუნდოგანი (51)
„არსენალი“ – „ბრაიტონი“ 0:3 (0:0)
გოლები: 0:1 ენკისო (51), 0:2 უნდავი (86), 0:3 ესტუპინიანი (90)