ჩოგბურთი

19:49 | 14.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ალკარასი საფრანგეთის ღია პირველობაზე პირველ ნომრად განითესა

საფრანგეთის ღია პირველობამ, ესპანელ კარლოს ალკარასს განთესვის პირველი ნომერი მიანიჭა. ახალგაზრდა ჩოგბურთელი, ვისაც ახლახანს შეუსრულდა 20 წელი, ამ ამბით აღფრთოვანებულია და ამბობს, რომ ამაზე წლების წინ ვერც კი იოცნებებდა. და იქვე დასძენს, რომ ამაზე ბევრ ფიქრს არ აპირებს, რადგან როლან გაროსზე ეს არ გამოადგება.

ალკარასმა გასულ სეზონში აშშ-ის ღია პირველობა მოიგო და გახდა მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა პირველი ჩოგანი. მან ეს წოდება წელს ნოვაკ ჯოკოვიჩს გადააბარა, თუმცა მალე, იტალიის ღია პირველობის დასრულების შემდეგ, რეიტინგის მოწინავე პოზიციაზე დაბრუნდება.

„შესანიშნავია, რომ როლან გაროსზე უმაღლესი განთესვა მექნება. ეს რაღაც გიჟობაა. ამას წლების წინ ვერც კი დავიჯერებდი. ახლა კი ძალიან ბედნიერი ვარ. არაფერს ცვლის, პირველი ნომერი იქნები, თუ მეორე. მე ტურნირზე, ჩემს თამაშზე ძველებურად ფოკუსირებული ვიქნები, ყოველ შეხვედრას ძველებურად მივუდგები. ახლა ჩემს სტატუსზე ფიქრს არ ვაპირებ“, - ამბობს ალკარასი.

მან ტრავმის გამო, ეს სეზონი ცუდად დაიწყო, მაგრამ შემდეგ ტიტულები მოიპოვა თიხნარის ტურნირებზე ბუენოს აირესში, ბარსელონაში და მადრიდში და ბუნბრივია, პარიზშიც ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება.

0.11436