საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ევრო 2016-ის შესარჩევ ციკლში პოლონეთის ნაკრებთან მატჩამდე ერთი დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 14 ნოემბერს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” დაფიქსირებული ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში თანამდებობიდან წავა.
თემურ ქეცბაია: ”ყველას ძალიან კარგად მოეხსენება, რა რთული თამაში გველის. რაც შეკრება დავიწყეთ, კარგად ვვარჯიშობდით. სამწუხაროა, რომ გელაშვილი დაიმტვრა და გამოგვაკლდა. ნიკა ბოლო თამაშებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და მისი არყოფნა ჩვენთვის დიდი დანაკლისია. ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ გულშემატკივართა გასახარებლად. ჯგუფში სიტუაცია დაიძაბა, შინ ვთამაშობთ და მოგებას უნდა შევეცადოთ.
-მიმდინარე შესარჩევ ციკლში ჯგუფში პოლონეთის ფავორიტობას რით ახსნით, მათი მთავარი ძალა რაა?
- ამ კითხვაზე პასუხის გაცემამდე, წინა პრესკონფერენციაზე დასმულ საკითხს მოვფენ ნათელს. ირლანდიის თამაშის შემდეგ განვაცხადე, რომ შოტლანდიასა და გიბრალტართან მატჩებში დადებით შედეგს თუ ვერ ვაჩვენებდით, წასვლაზე ვიფიქრებდი. პოლონეთთან მატჩის წინ გადადგომის თაობაზე გაკეთებული განცხადება უპასუხისმგებლო იქნებოდა ყველას, გუნდის და პირველყოვლისა ქვეყნის მიმართ. ამიტომ გადავწყვიტე, რომ პოლონეთთან თამაშსაც ჩავატარებდი. ამ მატჩის შემდეგ ფედერაციაც სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს ახალი მწვრთნელის მოწვევისას და ახალ დამრიგებელს 3 თვე ექნება გუნდის მოსამზადებლად.
-გამოდის მოგების შემთხვევაშიც მიდიხართ?
-ნებისმიერ შემთხვევაში მივდივარ, მოგების შემთხვევაშიც. 100 პროცენტით მჯერა, რომ გულშემატკივრები გუნდს გვერდით დაუდგებიან. მგონი გუნდი ღირსეულად გამოდის. რაც შეეხება პოლონეთის ნაკრებს, ეს გუნდი ამ შემადგენლობას დიდი ხანი ეძებდა. პოლონელთა წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი შეაქვს მათ კარგი დონის ჩემპიონატს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პოლონელები მაღალი დონის ევროპულ გუნდებში თამაშობენ. ჩვენი მომავალი მეტოქე შეტევაზე ადვილად გადადის. ამ გუნდს შეუძლია ჯგუფში პირველი, მეორე ან მესამე ადგილისთვის იბრძოლოს. გერმანელებმა დასავლეთსლავთა კარში 25-ჯერ დაარტყეს, პოლონელებმა 3-ჯერ და ორი გოლი გაიტანეს.
-ჟურნალისტებთან რაიმე ხომ არ გაქვთ სათქმელი?
-ჟურნალისტებს უნდა უხაროდეთ, დიდი პასუხისმგებლობა რომ აწევთ. ჩემი აზრით, თქვენ ქართული ფეხბურთისთვის სასარგებლო ადამიანების საქმეში ჩაბმა ვერ მოახერხეთ. ყოჩაღ, ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები რომ ხართ. ქართულ ფეხბურთში ამგვარი სოლიდარობა არაა - ვერ ვხედავ ერთმანეთის გვერდით დგომასა და სიყვარულს.
ჟურნალისტების ნაწილმა პრესკონფერენცია დატოვა, ქეცბაიამ ეს ფაქტი ამგვარად შეაფასა: “ეს შეგეძლოთ მაშინ გაგეკეთებინათ, როდესაც შეკრებილები მხოლოდ ქართველები ვიყავით - აქ უცხოელებიც არიან და ესეც უნდა გავითვალისწინოთ“. ამის შემდეგ მან პოლონელ ჟურნალისტებს ინგლისურად აუხსნა ქართველი ჟურნალისტების საქციელი.
-როგორ ფიქრობთ თქვენი შემცვლელი ქართველი უნდა იყოს თუ უცხოელი?
-მნიშვნელობა არ აქვს ქართველი იქნება თუ უცხოელი. კარგი მწვრთნელი უნდა დაინიშნოს, რომელიც გუნდს შედეგს მოუტანს. თუმცა, ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა. პოლონელი ჟურნალისტი ქეცბაიას ჩაეკითხა, თუ რატომ აპირებს წასვლას, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა უპასუხა, რომ ეს გრძელი ისტორიაა და ნებისმიერ შემთხვევაში მიდის.
-ლევანდოვსკის გარდა სხვა პოლონელ ფეხბურთელებს თუ დაახასიათებთ?
-ცალ-ცალკე რომელიმეს გამორჩევა რთული იქნება. თითოეული საკმაოდ დიდ ძალას წარმოადგენს, ჩვენ ვნახეთ პოლონეთის მიერ ჩატარებული მატჩები გიბრალტართან და გერმანიასთან. მთავარი გამარჯვებაა, რათა ჯგუფში მოწინავე სამეულს მივუახლოვდეთ.
-ფეხბურთელებს რა განწყობა აქვთ ნაკრებიდან თქვენი წასვლის გამო? პოლონეთთან ორ მატჩში გითამაშიათ, როცა 3:0 მოიგეთ და 1:4 წააგეთ.
-3:0 გამარჯვება სასიამოვნო იყო, 1:4 წაგებისას რადიკალურად განსხვავებული გრძნობა დაგვეუფლა. როგორც ფეხბურთელს და მწვრთნელს “დინამოს” სტადიონზე თამაში ყოველთვის მიხაროდა. ჩვენ მეორე სტადიონიც გვაქვს, მაგრამ “დინამო არენა” სულ სხვაა. ფეხბურთელები პროფესიონალები არიან და ჩემ გადაწყვეტილებას გაგებით შეხვდებიან. მათ მე არ ვიძახებ, მათ სამშობლო უხმობს. ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ, ნაკრების დამრიგებლობის ბოლო მატჩში კარგი საჩუქარი რომ გამიკეთონ. 100 პროცენტით დავიხარჯე, რათა კარგი შედეგი მქონოდა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
-ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შემდეგ, გუნდში როგორი ფსიქოლოგიური მდგომარეობაა?
-ყველანაირად ვეცადე, რომ თამაშამდე ეს არ მეთქვა, მაგრამ შექმნილმა სიტუაციამ მაიძულა. ბიჭები ჩემი გულისთვის არ არიან ჩამოსული, მათ საქართველოს ღირსება უნდა დაიცვან. ჩემამდე ნაკრებმა, თუ არ ვცდები, 15 მწვრთნელი გამოიცვალა. ზოგიერთი ფეხბურთელი წელიწადში კლუბში 3-4 მწვრთნელს იცვლის ხოლმე. ერთადერთი ადამიანი ვიყავი, რომელიც გავყვიროდი, ფეხბურთს დახმარება სჭირდება-მეთქი. ვინც საქმეში ჩახედული ხართ, კარგად იცით, რომ ქართული ფეხბურთი აღარ არსებობს. ჩემი ქვეყანა მიყვარდა და ამიტომ ჩამოვედი - რაც შემეძლო გავაკეთე. ყოველთვის ქართული ფეხბურთის რიგით გულშემატკივრად დავრჩები და ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული.
პრესკონფერენციაზე მყოფმა გურამ კაშიამ თემურ ქეცბაიას მადლობა გადაუხადა: “ყველანაირი პირობაა შექმნილი რომ კარგად მოვემზადოთ. ყველამ იცის, რომ პოლონეთი ძლიერი ნაკრებია. ორივე გუნდისთვის რთული თამაში იქნება. პოლონეთი ჩვენზე მაღალი კლასის გუნდია. დიდი მადლობა თემურ ქეცბაიას, რომლის ხელმძღვანელობით 40 თამაშამდე ჩავატარე. ხანდახან მეც ვიყავი უკმაყოფილო, რადგან დაახლოებით 25 თამაში ჩემ პოზიციაზე არ მითამაშია. თემურს ყოველთვის უკეთესი სურდა საქართველოს ნაკრებისთვის. ქართული ფეხბურთისთვის ბევრი რამ გააკეთა და მე ამას ვხედავ”.