კალათბურთი

11:36 | 13.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ლეიკერსი" კონფერენციის ფინალშია! - ლებრონმა და კამპანიამ მოქმედი ჩემპიონი გაანადგურა (+VIDEO)

„ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ დასავლეთ კონფერენციის ფინალშია!

აფიშამ - კარი V ლებრონი - გაამართლა და როგორც ამ ორი გუნდის გულშემატკივრებმა, ასევე კალათბურთის მოყვარულებმა 6 დაუვიწყარი მატჩი იხილა.

სერიის მეექვსე შეხვედრა კი თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იყო დაგვირგვინება. როდესაც გაირკვა, რომ „ლეიკერსი“ „გოლდენ სტეიტს“ შეხვდებოდა, თითქოს ლებრონი და კამპანია კარისა და თანაგუნდელების წინააღმდეგ აუტსაიდერად მოიაზრებოდნენ, თუმცა მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა.

კონფერენციის ნახევარფინალში „ლოს ანჯელესელებმა“ NBA-ს მოქმედი ჩემპიონები თითქმის ყველა კომპონენტში დაჩაგრეს და დღეს მათი მმართველობა ოფიციალურად დაასრულეს.

„ლეიკერსის“ ტრანსფორმაცია ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სულ უფრო წარმოუდგენელი ხდება, მის უკან კი მთავარი ძალები ლებრონ ჯეიმსი და ენტონი დევისი არიან. ამ დუეტმა, მას შემდეგ რაც 3 წლის წინ ჩემპიონობა გაინაღდეს, ბოლო წლებში დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი მოიგეს.

თამაში დარვინ ჰემის გუნდმა კარგად დაიწყო, პირველ პერიოდში 17 ქულიანი გაქცევაც ჰქონდათ, თუმცა „უორიორზმა“ 12-წუთეულის მიწურულს სხვაობა 5 ქულამდე დაიყვანა. მეორე პერიოდში ლეიკერსმა ეს 5 ქულა გააორმაგა და შესვენებამდე 56:46 დაფიქსირდა.

მეორე ნახევარიც თითქმის ანალოგიური სცენარით წარიმართა, იმ განსხვავებით, რომ აქ უკვე ფორა 19-ქულას შეადგენდა, დასკვნით პერიოდში კი „ლეიკერსმა“ ამ სხვაობის შენარჩუნება და შემდეგ გაზრდაც მოახერხა და საბოლოოდ 122: 101 იმარჯვა.

სამმაგი დუბლის ზღვარზე ითამაშა ლებრონ ჯეიმსმა. მეფემ 30 ქულა, 9 მოხსნა და 9 პასი მიითვალა და ტრიპ-დაბლამდე მხოლოდ თითო მოხსნა-პასი დააკლდა.

„ძალიან კარგი სერია იყო. დღეს კი შევძელით და ვითამაშეთ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური თამაში. დაცვამ წარმოუდგენელი საქმე გააკეთა. როცა ამ კომპონენტში კარგად ვთამაშობთ, მაღალ დონეს ვდებთ. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ 48 წუთის განმავლობაში მეტოქეები ჩაგვეკეტა“, - თქვა ჯეიმსმა.

ლებრონმა პარკეტზე 43;08 წუთი გაატარა, მან 14-დან 10 სროლა გამოიყენა, მათ შორის 3-დან 2 სამქულიანი, 11-დან 8 ორქულიანი და 11-დან 8 საჯარიმო. ჯეიმსს 3 პერსონალური ფოლი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარებაც ჰქონდა, გარდა ამისა მისი +- მაჩვენებელი +21-ს გაუტოლდა.

38 წლის ჯეიმსმა, 2020 წლის წლის NBA ფინალის შემდეგ, პლეი ოფში 30 ქულა პირველად ჩააგდო.

შესანიშნავად ითამაშა ოსტინ რივსმა, ის საჭირო მომენტებში თავის სროლებს კარგად იყენებდა და მაშინ როდესაც მეტოქე ანგარიშში მოახლოებას ცდილობდა, სამიანებით საკუთარი გუნდი კვლავ სოლიდურ სხვაობას ინარჩუნებდა. ამერიკელმა 23 ქულა, 5-5 მოხსნა-პასი მიითვალა. მან 12-დან 7 ჩააგდო, მაგრამ აქიდან 5-დან 4 სამქულიანი და ასევე 5-დან 5 საჯარიმო.

„ლეიკერსის“ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს დ’ანჯელო რასელმა და ენტონი დევისმა. რასელმა 19 ქულა ჩააგდო, აი ენტონიმ კი როგორც სერია, ისე გუშინდელი თამაში უმაღლეს დონეზე ჩაატარა.

დევისს 17 ქულაზე მეტად, შედეგიანობის მხრივ დაცვაში თამაშით გამოარჩევდით. ცოტა ხომ არ არის 20(!) მოხსნა, თანაც „გოლდენ სტეიტის“ კალათბურთელების წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ მას ყველაზე მაღალი +- მაჩვენებელი ჰქონდა. +31!

აღსანიშნავია ისიც რომ საუკეთესო 5 მექულიდან, 4 სწორედ „ლეიკერსის“ მოთამაშე იყო, ყველაზე შედეგიანი კი სტეფ კარი გახლდათ, რომლის 32 ქულამ „გოლდენს“ ვერ უშველა. კარის 32 ქულის მიუხედავად თამაში დიდად ვერ წაუვიდა. ის ფარის მიმართულებით ძალიან ბევრს ისვრიდა, მაგრამ 28-დან მიზანს მხოლოდ 11-მა მიაღწია. ცუდი შედეგი ჰქონდა 3-ქულიანებში. სტეფმა შორი დისტანციიდან 14-დან მხოლოდ 4 ჩააგდო. მეორე 14-დან კი 7 ორქულიანი გამოიყენა.

დამარცხებულთაგან კარის გარდა 16 ქულა ჰქონდა დონტე დიიჩენცოს და 9 გრინს. სხვები კი უბრალოდ თითქმის შეუმჩნეველები იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 8 სეზონიდან „გოლდენ სტეიტ უორიორზმა“ ექვსი ფინალი ითამაშა, 2-ჯერ კი პლეი ოფში გასვლა ვერ შეძლო. „ლეიკერსი“ კი პირველი გუნდია 2014 წლის შემდეგ, რომელმაც კარი და და კამპანია პლეი ოფში ფინალამდე გამოთიშა.

"უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა და მე არ შემიძლია დავადანაშაულო ჩვენი მოთამაშეები. წაგება მტკივნეულა მაგრამ ეს მომავალში გაგვაძლიერებს. იმიტომ ვთამაშობთ, რომ საუკეთესოებს დავუპირისპირდეთ. დღეს არ გაგვიმართლა და ჩვენი ძალისხმევა საკმარისი არ გამოდგა“, - თქვა გოლდენ სტეიტის მწვრთნელმა სტივ კერმა.

ამრიგად, „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ დასავლეთ კონფერენციის ფინალში ნიკოლა იოკიჩის „დენვერ ნაგეთსს“ შეხვდება. აღნიშნული სერია 17 მაისს დენვერში დაიწყება და ეს იქნება 2020 წლის კონფერენციის ფინალის გამეორება, რომელიც მაშინ „ლეიკერსმა“ 5 მატჩიან დაპირისპირებაში 4:1 მოიგო.

0.1203