ფეხბურთი

1:04 | 10.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

მშვიდი პირველი სერია: ყველაფერს საპასუხო მატჩი გადაწყვეტს

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპი დაიწყო, რომლის პირველ შეხვედრაში მადრიდის „რეალი“ და „მანჩესტერ სიტი“ დაზავდნენ. შესაბამისად, ყველაფერი ერთ კვირაში გადაწყდება, საპასუხო მატჩში.

თამაში თანაბარი იყო, ორივე გუნდს ჰქონდა საგოლე მომენტები და ალბათ, შედეგი მთლიანობაში სამართლიანია. მატჩი პეპ გვარდიოლას გუნდის უპირატესობით დაიწყო, „რეალს“ არც ბურთი ჰქონდა და არც ინიციატივა, მაგრამ თავს კომპაქტურად იცავდა. კარლო ანჩელოტის გუნდმა პირველივე გააზრებული კომბინაცია გოლით დაასრულა, როდესაც ვინისიუსმა შორი მანძილიდან გაიტანა. ეს პირველი დარტყმა იყო მადრიდელთაგან, 36-ე წუთზე.

სამაგიეროდ, „სამეფო კლუბმა“ მეორე ტაიმი კარგად დაიწყო, ბურთს უფრო ფლობდა, შეტევაში ატარებდა დროს და საგოლე მომენტიც შექმნა, მაგრამ სწორედ ამ დროს, როცა ყველაზე კარგი მონაკვეთი ჰქონდა, გოლი გაუშვა. გოლი, რომელიც კევინ დე ბრუინმა შექმნა. ბელგიელმა შორი მანძილიდან ძალიან ძლიერად და უზუსტესად დაარტყა.

მიუხედავად იმისა, რომ თამაშის მიწურულს „რეალი“ ისევ გააქტიურდა, ორელინ ჩუამენის შორეულ დარტყმას და ედერსონის მაგარ სეივს თუ არ ჩავთვლით, ბევრი ვერაფერი შექმნა. საბოლოოდ, 1:1, რითაც ყველაფერი ღიაა.

ცხადია, 17 მაისს, მანჩესტერში, „სიტი“ ფავორიტი იქნება, მაგრამ ეს „რეალია“ და ეს ჩემპიონთა ლიგაა. „ეტიჰად სთედიუმზე“ ბევრად მაგარი დუელი იქნება.

„რეალი“ – „მანჩესტერ სიტი“ 1:1 (1:0)

მადრიდი, „სანტიაგო ბერნაბუე“

„რეალი“ (4-3-3): კურტუა; კარვახალი, რუდიგერი, ალაბა, კამავინგა; ვალვერდე, კროოსი (ჩუამენი 84), მოდრიჩი (ნაჩო 87); როდრიგო (ასენსიო 81), ბენზემა, ვინისიუსი

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

„მანჩესტერ სიტი“ (4-3-3): ედერსონი; უოლკერი, სტოუნსი, დიაში, აკანჯი; დე ბრუინი, გუნდოგანი, როდრი; ბერნარდო სილვა, ჰოლანდი, გრილიში

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

გოლები: 1:0 ვინისიუსი (36), 1:1 დე ბრუინი (67)

გაფრთხილება: კროოსი (45), კამავინგა (79) - გუნდოგანი (71), ბერნარდო სილვა (86)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (3) – 10 (6) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 8:7 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: არტურ დიაში (პორტუგალია)

0.103997