„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ მადრიდის „რეალთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც ესპანელმა აღნიშნა, მათი მიზანი არა შურისძიება, არამედ ფინალში გასვლაა.
„აქ რევანშისთვის არ ვართ, ეს უბრალოდ ახალი შესაძლებლობაა ფინალში გასასვლელად და ტურნირის მოსაგებად. აზრი არ აქვს იმაზე ფიქრს, რა მოხდა გასულ სეზონში, რადგან მადრიდის „რეალს“ ვეთამაშებით და ვიცით, ეს გუნდი ამ ტურნირზე რას წარმოადგენს.
როგორც ყოველ სეზონში, ამჯერადაც მინდა ჩემპიონთა ლიგის მოგება, მაგრამ მხოლოდ სურვილი არ კმარა. ზოგადად, არ მინდა ისეთი გუნდი ან პროექტი, რომელიც ამ თასს ერთ სეზონში მოიგებს, მაგრამ შემდეგ 10 წლის განმავლობაში ცუდად ითამაშებს. სტაბილურობა მინდა, რათა ყოველწლიურად ვიყოთ კონკურენტუნარიანები, ეს არის ის, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია.
მადრიდში შარშან რომ ჩამოვედით, მენტალურად უკეთესი მდგომარეობა გვქონდა, რადგან პირველი მატჩი მოვიგეთ, მაგრამ იცით, რაც მოხდა. ასეთ მატჩებში განსხვავებას მცირე დეტალები ქმნიან. ერთადერთი რაც ვიცით, ისაა, რომ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ორი დიდებული მატჩის ჩატარება მოგვიწევს.
მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ იქნება მომენტები, როცა ტანჯვა მოგვიწევს, რაც ასეთ მატჩებში ნორმალურია, მაგრამ წელს ჰოლანდი გვყავს და ის უნდა გამოვიყენოთ“, - აღნიშნა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალმა“ „მანჩესტერ სიტი“ გასულ სეზონში ნახევარფინალში დაამარცხა. ესპანელებმა ინგლისური გუნდი ამ ეტაპიდან 2015-2016 წლების სეზონშიც გააგდეს.