ჩოგბურთი

1:14 | 8.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ალკარასმა მადრიდის ღიას ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა კარლოს ალკარასმა, მადრიდის ღია პირველობის ფინალში 6-4, 3-6, 6-3 მოუგო გერმანელ ჟან-ლენარდ შტრუფს და ზედიზედ გახდა ტურნირის ჩემპიონი. ესპანელისთვის ეს მიმდინარე სეზონში მეოთხე, კარიერაში კი მეათე ტიტულია. ამ ათიდან კი ოთხი მასტერს 1000-ის ტურნირებზე აქვს მოპოვებული.

ალკარასი შარშან აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა და მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსსაც დაეუფლა. ამ სტატუსს 20 კვირა ფლობდა და შემდეგ ისევ ნოვაკ ჯოკოვიჩს გადააბარა. ესპანელს რეიტინგის სათავეში დაბრუნება მომავალ კვირაში შეუძლია, თუ რომის მასტერსზეც ასე კარგად ითამაშებს. იქ მას დასაცავი სარეიტინგო ქულები არ აქვს. ჩემპიონმა ჯოკოვიჩმა კი 1000 ქულა უნდა დაიცვას.

სხვათა შორის, მადრიდის ტურნირის მსვლელობისას, ალკარასს 20 წელი შეუსრულდა და ამ გამარჯვებით, საკუთარ თავს შესანიშნავი საიუბილეო საჩუქარი მიუძღვნა.

შტრუფი გასულ სეზონში რეიტინგის ასეულს მიღმა დარჩა, მაგრამ მადრიდის ფინალში გასვლისთვის, რეიტინგის 65-ე საფეხურზე გადაინაცვლებს.

ალკარასმა თამაში პირველივე გეიმში ბრეიკის მოპოვებით დაიწყო. მაგრამ გერმანელმა მალევე ბრეიკით უპასუხა და აქედან მოყოლებული, თავის ტიტულოვან მეტოქეს ბევრი პრობლემა შეუქმნა. ამის მიუხედავად, ალკარასმა კიდევ ერთხელ შეძლო მეტოქის მოწოდების მოგება და პირველი სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მეორე სეტის დასაწყისშივე, შტრუფი უკეთ ათამაშდა და 3-0 დაწინაურდა. აქედან მოყოლებული, თამაში გათანაბრდა და გერმანელმა სეტებში ანგარიში გაქვითა. თუმცა გადამწყვეტ სეტში უკვე ალკარასმა იმარჯვა. ის დასაწყისიდანვე, 3-1 დაწინაურდა და მოპოვებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია.

0.110709