საქართველოს ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში „დინამო ბათუმმა“ პირველი მარცხი განიცადა. გია გეგუჩაძის გუნდი საკუთარ მოედანზე „დილასთან უქულოდ დარჩა.
ზოგადად, „დილა“ შესანიშნავი ფორმაშია და ბოლო სამ თამაშში 9 ქულა მოიპოვა, თანაც როგორი მეტოქეების წინააღმდეგ: „დინამო თბილისი“, „ტორპედო“ და „დინამო ბათუმი“.
ანდრეი დემჩენკოს გუნდმა ბათუმელებს მეორე ტაიმში ორი უპასუხო გოლი გაუტანა. ანგარიში ვანდერსონ სილვამ შორი მანძილიდან ძლიერი დარტყმით გახსნა, ხოლო მატჩის მიწურულს მიკოლა კოვტალიუკმა ახლო მანძილიდან სხვაობა ორამდე გაზარდა.
თამაშზე გავლენა მოახდინა პაატა ღუდუშაურის გაძევებამ ჯერ კიდევ 0:0-ზე, რის გამოც გეგუჩაძის გუნდმა ბოლო ნახევარი საათი რიცხობრივ უმცირესობაში გაატარა.
„დინამო ბათუმი“ 25 ქულით ისევ ლიდერია, მაგრამ „დინამო თბილისი“ ამ ტურში თუ მოიგებს, გადაასწრებს, ხოლო მომდევნო ტურში „სამტრედიას“ შეხვდება. „დილამ“ 20 ქულა დააგროვა და მეხუთეა, წინ კი „საბურთალოსთან“ თამაში ელოდება.
„დინამო ბათუმი“ – „დილა“ 0:2 (0:0)
გოლები: 0:1 ვანდერსონი (68), 0:2 კოვტალიუკი (86)