„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა სკუდეტოს მოგების შემდეგ კომენტარი არაერთ ტელევიზიასა და გამოცემასთან გააკეთა, ხოლო Rai-თან საუბარში თქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი არ იყიდებიან.
„ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი გულშემატკივრები არიან. ახლა არ უნდა გავჩერდეთ, სტაბილურები ვიყოთ და გავაგრძელოთ გამარჯვება ამ გმირებთან ერთად, რომლებიც არასდროს შეიცვლებიან. თუ ვინმე ჩვენთან ბედნიერი არ არის, არ შევაკავებთ. კვარა და ოსიმენი კი არსად მიდიან, ხელშეუხებელნი არიან“, - თქვა დე ლაურენტისმა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩ კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 38 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 4-ჯერ პენალტი მოიპოვა.