„ნაპოლის“ თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენს მიმდინარე სეზონში ალბათ ყველაზე რთული პერიოდი აქვს.
ნიგერიელ ფეხბურთელს უკვე თვე-ნახევარია სერია A-ში გოლი არ გაუტანია. ბოლოს მან 19 მარტს, „ტორინოს“ წინააღმდეგ დუბლი შეასრულა და მას მერე კონკრეტულად იტალიის ჩემპიონატში უგოლოდაა. ოსიმენი ტურინელთან თამაშის შემდეგ სანაკრებო შეკრებაზე დაშავდა და გარკვეული პერიოდი გაუცდა, მაგრამ გოლის გატანა ვერც დაბრუნების მერე მოახერხა, თუ არ ჩავთვლით ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩს „მილანთან“, როდესაც ბოლო წუთზე ანგარიში გაათანაბრა.
ამრიგად, სერია A-ში მის აქტივში 26 მატჩში 21 გოლია და თუ ცოტა ხნის წინ თითქოს ბომბარდირობა გარანტირებული ჰქონდა, ახლა ასე აღარ არის. ოსიმენს ძალიან მიუახლოვდა ლაუტარო მარტინესი, რომელიც მას მხოლოდ 2 გოლით ჩამორჩება.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ დღეს სტუმრად „უდინეზეს“ ეთამაშება და ქულის მოპოვების შემთხვევაში ჩემპიონობას გაიფორმებს.