ფეხბურთი

18:10 | 2.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილის რეკორდი "ვალენსიაში" და As-ის გამოხმაურება

გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეკარეა, რომელმაც ლა ლიგაში ამ კლუბის მაისურით 50 თამაში ჩაატარა. სწორედ ამასთან დაკავშირებით As-მა ქართველი მეკარის შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

„გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიას“ მაისურით ლა ლიგაში 50 თამაში ჩაატარა. კლუბის 104-წლიან ისტორიაში 22 მეკარეს აქვს „ლოს ჩეში“ მინიმუმ 50 მატჩი ნათამაშები, მაგრამ ასეთ პატარა ასაკში ეს მანამდე არავის გაუკეთებია, როგორც ეს ქართველმა მოახერხა. თუკი მამარდაშვილი „ვილიარეალთან“ 51-ე თამაშს ჩაატარებს, გაუთანაბრდება იასპერ სილესენს, ხოლო შემდეგი მიზანი იქნება ტიმორი, რომელსაც 52-ჯერ აქვს ნათამაშები.

მამარდაშვილმა 22 წლის, 8 თვისა და 1 დღის ასაკში მიაღწია 50 თამაშს, რაც მანამდე 23 წლამდე არცერთ მეკარეს გაუკეთებია. მეკარე სპეციფიკური პოზიციაა და როგორც წესი, უფრო გამოცდილ მეკარეებს ენდობიან, ახალგაზრდებს კი უწევთ ლოდინი თავიანთი შანსისთვის. მიუხედავად ამისა, „ვალენსიას“ ისტორიაში არიან მეკარეები, რომლებიც გამოირჩეოდნენ ახალგაზრდულ ასაკში, თუმცა მამარდაშვილით არავინ. ამგვარად, ქართველმა უკვე აჯობა იგნასიო ეიზაგირეს, მანსანედოს და სემეპერეს, რომლებიც 50 თამაში 23 წლის ასაკში ჩაატარეს.

მამარდაშვილი ყოველთვის დაამახსოვრდებათ მოულოდნელი აფეთქებით. უნდა გვახსოვდეს, რომ ის „ვალენსიას“ მეორე გუნდის გაძლიერების მიზნით შეუერთდა, მაგრამ რიგმა გარემოებებმა (სილესენისა და ხაუმეს პრესეზონზე ტრავმებმა) და მისმა თამაშმა ვარჯიშებსა და ამხანაგურ მატჩებში, ხოსე ბორდალასი აიძულა, რომ ლა ლიგაში 18 შეხვედრაში არჩევანი მასზე გაეკეთებინა, პლუს 3 თამაში თასზე ფინალის ჩათვლით. მიმდინარე სეზონში გატუზომ, ვორომ და ბარახამაც აქცენტი მასზე გააკეთეს და მან ფაქტობრივად ყველა თამაში შეუცვლელად ჩაატარა, თასზე ლა ნუსიას გარდა, როცა ბოლო 13 წუთი შეცვალეს.

მამარდაშვილს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ „ვალენსიას“ ვინტაჟური მეკარე ყოფილიყო, მაგრამ პიტერ ლიმის ხელმძღვანელობაში არაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ასე იქნება. ქართველი არის კლუბის ერთ-ერთი აქტივი მომდევნო სატრანსფერო ფანჯარაში. მისი აგენტი კვირების განმავლობაში მოლაპარაკებებს აწარმოებდა პრემიერლიგის კლუბებთან, რომლებიც დაინტერესებული არიან და Transfermarkt-ს მონაცემებით მისი ფასი 25 მილიონი ევროა.

მის მომავალზე ხმაური დაემთხვა სეზონის იმ ფაზას, რომელშიც ქართველი მეკარე ნაკლებად გადამწყვეტია, არადა, მანამდე „ვალენსიას“ ქულებს უნარჩუნებდა სეივებით, თუმცა ბოლო დროს ნაკლებად თავდაჯერებულია, განსაკუთრებით გამოსვლებზე. ამის მიუხედავად, Opta-ს სტატისტიკით ლა ლიგის მე-6 მეკარეა, რომელმაც ყველაზე მეტჯერ გადაარჩინა გუნდი აშკარა გოლისგან, 17 სასწაულებრივი სეივი უგროვდება. მას რეიტინგში მხოლოდ ფერნანდო, ედგარ ბადია, დავიდ სორია, ბონო და ლედესმა უსწრებენ. მამარდაშვილმა კი ამ სეზონში 39 გოლი გაუშვა, 2 აშკარად თავისი შეცდომით, მაგრამ 85 სეივი (68.5%) შეასრულა“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.111476