მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი მაქს ფერსტაპენი საკუთარ მომავალს განიხილავს და ამბობს, რომ „რედ ბულთან“ მიმდინარე კონტრაქტის (რომელიც 2028 წელს დასრულდება) ამოწურვის შემდეგ, შესაძლოა სხვა საქმეს მოჰკიდოს ხელი. 25 წლის ჰოლანდიელი სამი ეტაპის შემდეგ, ჩემპიონატს ლიდერობს და დიდი შანსია იმისა, რომ მესამე ტიტულსაც მოიპოვებს.
მაგრამ ის ამბობს, რომ რბოლების რიცხვის ზრდა ძალიან დამღლელია და არ გამორიცხავს, რომ სწორედ ამის გამო, ფ1-დან წასვლა გადაწყვიტოს. როგორც ცნობილია, მომავალ სეზონში კალენდარში 24 ეტაპი შევა, რაც ფ1-ის ისტორიაში რეკორდული რიცხვია. გარდა ამისა, იზრდება სპრინტ რბოლების რიცხვიც, რომლებიც კვირის რბოლებთან აღარ იქნება დაკავშირებული.
„თუ კალენდარში ეტაპების რიცხვის ზრდა გაგრძელდება და სარბოლო უქმეების ხანგრძლივობაც გაიზრდება, დადგება მომენტი, როცა საკუთარ თავს კითხვას დაუსვამ - „ეს ამად ღირს“? მე მომწონს რბოლები, მომწონს გამარჯვებები. ანაზღაურება და აქედან გამომდინარე, ცხოვრებაც კარგია. მაგრამ რეალობაში, ეს კარგი ცხოვრებაა? ვფიქრობ, კარიერაში დგება მომენტი, როცა სხვა რამის გაკეთება მოგინდება. კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე მაქვს. მერე ყველაფერს გადავხედავთ. მაგრამ ვგრძნობ, რომ თუ რაღაც მომენტში, რბოლების რიცხვი მეტისმეტად გაიზრდება, მაშინ ცვლილების დროც დადგება“, - ამბობს მოქმედი ჩემპიონი.
ის ამბობს, რომ გარე თვალისთვის ეს შესაძლოა უცნაურად ჩანს, რადგან ისინი მხოლოდ სიმდიდრეს, გამარჯვებებს ხედავენ. მაგრამ მას არ აინტერესებს მიხაელ შუმახერის და ლუის ჰამილტონის ტიტულების რეკორდის გამეორება.
„სხვა რამეების კეთებაც მინდა. სხვა შეჯიბრებში მონაწილეობა. როგორც ფერნანდო (ალონსო) აკეთებს“, - დასძენს ფერსტაპენი.
როგორც ცნობილია, ალონსო ფ1-ის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია, ორჯერ აქვს მოგებული ლე მანის 24-საათიანი რბოლა და რამდენჯერმე ბედი ინდი 500-ზეც სცადა.