„ნაპოლის“ ფეხბურთელმა ელიფ ელმასმა განაცხადა, რომ იტალიის ჩემპიონობას ვერასდროს იფიქრებდა. ჩრდილომაკედონიელი ნახევარმცველის თქმით, უკვე წარმოუდგენია, რა მოხდება ნეაპოლში, როდესაც სკუდეტოს ოფიციალურად მოიგებენ.
„ბედნიერები ვართ, რომ „იუვენტუსი“ სტუმრად დავამარცხეთ. ვიცით, რა რთული იქ გამარჯვება და რა მნიშვნელოვანი იყო ეს 3 ქულა ჩვენთვის. ბედნიერი ვარ, რომ წვლილი შევიტანე გუნდის გამარჯვებაში. ნეაპოლში ასეთ დახვედრას არ ველოდებოდი, ძალიან აღელვებული ვიყავი და წარმომიდგენია, რა მოხდება, როცა ჩემპიონები გავხდებით.
„სალერნიტანასთან“ რთული თამაში იქნება, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ვერ მოვიგოთ. არ მაინტერესებს, როდის ჩატარდება ეს მატჩი „ინტერი“ – „ლაციომდე“ თუ შემდეგ, ჩვენ მხოლოდ მოსაგებად გავალთ მოედანზე, არც იმას აქვს მნიშვნელობა ლამაზად ვითამაშებთ თუ არა, მთავარია მოვიგოთ.
რასპადორისთან ხშირად ვხუმრობ. ფსონი დავდეთ, მან საგოლე პასის შემთხვევაში 500 ევრო უნდა მომცეს, ტურინში საგოლე პასი გავუკეთე და ახლა ველოდები 500 ევროს. სკუდეტო? ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთ მნიშვნელოვან ტიტულს მოიგებდი და გვინდა ბოლომდე დავტკბეთ ამ შედეგით“, - თქვა ელმასმა.