ფეხბურთი

18:00 | 26.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძე და დავითაშვილი ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურში ერთად მოხვდნენ

საფრანგეთის ლიგა 2-ის 32-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში ორი ქართველი მოხვდა - გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი.

„მეცის“ ქართველმა ფორვარდმა „სენტ ეტიენთან“ დუბლი შეასრულა და თავის გუნდს მოგებაში დაეხმარა (3:1), ხოლო დავითაშვილმა „გრენობლის“ წინააღმდეგ (3:0) შეძლო გოლის გატანა.

აღსანიშნავია, რომ „ბორდო“ და „მეცი“ ლიგა 1-ში გადასასვლელად უშუალო და შეიძლება ითქვას ერთადერთი კონკურენტები არიან. ლიგა 2-დან მხოლოდ მოწინავე ორი გუნდი აღზევდება, პირველ ადგილზე „ლე ავრი“ დამაჯერებლადაა, ხოლო „ბორდო“ მეორე ადგილზეა და „მეცს“ ერთადერთი ქულით უსწრებს. თავის მხრივ, სხვა გუნდები მათ საგრძნობლად ჩამორჩებიან. ასე რომ, მეორე ადგილისთვის გიორგის და ზურიკოს გუნდები იბრძვიან, სეზონის ბოლომდე 6 ტური რჩება.

გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 31 მატჩში 19 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა, რითაც ბომბარდირებში პირველ ადგილზეა, ხოლო ზურიკო დავითაშვილის აქტივში კონკრეტულად ლიგა 2-ში 24 შეხვედრაში 3 გოლი და 2 საგოლე პასია. საფრანგეთის თასზე ზურიკომ 2 თამაშში ერთხელ გაიტანა, გიორგიმ კი 3 მატჩში თავი თითო გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა.

0.125417