ავტოსპორტი

2:11 | 25.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ევანსმა ხორვატიის რალი მოიგო

უელსელმა ელფინ ევანსმა ხორვატიის რალი მოიგო და თავისი გამარჯვება, რბოლის წინ, ვარჯიშის დროს მომხდარ ინციდნტში დაღუპული ირლანდიელი კრეიგ ბრინის ხსოვნას მიუძღვნა. ევანსისთვის ეს ბოლო 18 თვეში მოპოვებული პირველი გამარჯვებაა.

ხორვატიაში მოპოვებული გამარჯვების წყალობით, ევანსი (ტოიოტა) ქულებით მსოფლიო ჩემპიონატის ლიდერს, თანაგუნდელ სებასტიან ოჟიეს გაუტოლდა, ვინც მხოლოდ წინასწარ შერჩეულ ეტაპებზე აპირებს გამოსვლას.

„ამ გამარჯვებისთვის დიდხანს ვშრომობდი, მაგრამ დღეს ამან ფასი დაკარგა. ჩვენ მეგობარი დავკარგეთ. ახლა მხოლოდ მასზე ფიქრი შემიძლია. კრეიგის ოჯახს შევპირდით, რომ ამ რბოლაში მისი ხსოვნისთვის ვიასპარეზებდით და ჩვენ ასეც გავაკეთეთ“, - განაცხადა გამარჯვებულმა, ვისაც 2021 წლის ოქტომბერში, ფინეთში გამარჯვების შემდეგ, მოგება არ ჰქონდა.

მეორე ადგილი ესტონელმა ოტ ტანაკმა (M-სპორტ ფორდი) დაიკავა, ვინც გამარჯვებულს 27 წამით ჩამორჩა. მესამე ადგილი კი „ჰიუნდაის“ ფინელ ესპეკა ლაპის ერგო. მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ფინელი კალე როვანპერა (ტოიოტა), ვინც თანა-ლიდერებს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. ოჟიემ რბოლა მეხუთე ადგილზე დაასრულა და სამი ბონუს ქულა სუპერ სპეც მონაკვეთის მოგებისთვის მიიღო.

0.113685