ბელგიელმა რემკო ევენეპოელმა ზედიზედ მეორედ მოიგო ლიეჟი-ბასტონი-ლიეჟის ერთდღიანი რბოლა. სლოვენიელმა ტადეი პოგაჩარმა კი რბოლის დასრულება ვერ შეძლო - ტურ დე ფრანსის ორგზის ჩემპიონი ინციდენტში მოყვა, მაჯის ტრავმა მიიღო და ასპარეზობას ადრეულ ფაზაშივე გამოეთიშა.
ევენეპოელმა (სუდალ ქვიკ-სტეპი) პირველად მაშინ შეუტია, როცა ფინიშამდე 34 კილომეტრი რჩებოდა. მის შეტევას ბრიტანელმა ტომ პიდკოკმა (ინეოს გრენადერსი) უპასუხა. თუმცა ბელგიელმა ცოტა ხანში ისევ გაზარდა ტემპი და ამჯერად, მეტოქის ჩამოტოვება შეძლო.
წვიმით დასველებული გზის მიუხედავად, მოქმედმა ჩემპიონმა ფინიშს ეულად მიაღწია. 23 წლის ევენეპოელი 1998 წლის შემდეგ პირველი ველომრბოლია, ვინც ლიეჟი-ბასტონი-ლიეჟის რბოლა ზედიზედ ორჯერ მოიგო. მანამდე ეს ბოლომ იტალიელმა მიქელე ბარტოლიმ შეძლო.
„ძალიან რთული რბოლა იყო. წვიმის გამო, ჩაჭიდება შემცირებული იყო. მოსახვევებში ჩემი უკანა ბორბალი სრიალებდა. მაგრამ სირთულეს კარგად გავუმკლავდი და გეგმას მივყევი. ამ გეგმის მიხედვით, აღმართ ლა რედუტის შემდეგ ვგეგმავდი შეტევას“, - ყვება გამარჯვებული, ვინც მსოფლიო ჩემპიონის მაისურით და პირველი ნომრით იასპარეზა.
პიდკოკი საბოლოოდ მეორე ადგილს დასჯერდა. ის გამრჯვებულს წუთზე მეტით ჩამორჩა და ფინიშთან კოლუმბიელ სანტიაგო ბუიტრაგოს (ბაჰრეინ ვიქტორიოუს) მიასწრო.