საქართველოს 17-წლამდე ფრენბურთელ გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. ახალგაზრდა ქართველმა ფრენბურთელებმა შესარჩევი ეტაპის მეორე რაუნდის ბოლო ტურში ავსტრიის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხეს.
სამი სეტის შემდეგ ავსტრიელები 2:1-ს იგებდნენ, მაგრამ მასპინძლებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, შემდეგ კი გადამწყვეტი სეტიც მოიგეს და შეხვედრაც.
საუკეთესო მარიამ მუშკუდიანი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 31 ქულა შესძინა, ხოლო მაგდა კობაიძემ 21 ქულა დააგროვა. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 3 მოგებით პირველი ადგილი დაიკავა. ავსტრიამდე ქართველმა ფრენბურთელებმა ისრაელისა და რუმინეთის ნაკრებები დაამარცხეს.
ევროპის ჩემპიონატი 11 ივლისიდან 22 ივლისამდე სერბეთსა და უნგრეთში ჩატარდება.