„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „იუვენტუსთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ჯერ კიდევ არ არის საბოლოო ზეიმის დრო, რადგან გუნდს ქულები ჩემპიონობისთვის კიდევ სჭირდება.
„ნამდვილად დიდი სიხარულია. ეს არის მძიმე აგური, რომელიც უნდა დაემატოს ყველა მათგანს, რომლებიც შევაგროვეთ საბოლოო გამარჯვების მისაღწევად. როცა ამ გზით იმარჯვებ, ბოლო წუთზე შეტევაში, სიხარული კიდევ უფრო ძლიერია, მაგრამ საბოლოო ზეიმს ჯერ უნდა დაველოდოთ. ღვინის ბოთლების გახსნის დრო ჯერ არაა.
გუნდს მივულოცე გასახდელში, რადგან ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ განიცდი აზრებს, რომელთა გონებიდან ამოშლა ადვილი არ არის. ატარებ ემოციურ ნარჩენებს, რაც დაღლილობაში გადაიქცევა, მაგრამ ამ სტადიონზე მოვახერხეთ ეს ყველაფერი გამარჯვებაში გვექცია.
ყველას მიუძღვის დამსახურება, რადგან როცა დამსახურებები ყველაზე ნაწილდება, სიხარულიც მრავლდება. ის პოზიცია, რომელზეც ვიმყოფებით, ანაზღაურებს იმ თავგანწირვას, რომელიც სეზონის განმავლობაში ყველამ გაიღო. ბედნიერი ვარ, რომ ამ ფანტასტიკური გუნდის მწვრთნელი ვარ.
თუ ყველანი ერთად ვართ, სიხარული ორმაგდება, იგივე ეხება ტანჯვასაც. ისე ვითამაშეთ, როგორც უნდა გვეთამაშა. ვფიქრობ, გუნდმა გააკეთა ის, რაც საჭიროა იმისთვის, რომ პირველი ადგილი დაიმსახუროს“, - თქვა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 78 ქულით ლიდერობს და 5 ქულა სჭირდება ჩემპიონობისთვის, თუმცა, ეს იმ შემთხვევაში თუ „ლაციო“ ყველა მატჩს მოიგებს. არსებობს შანსი, რომ „აძური“ მომდევნო ტურში გაჩემპიონდეს, თუ თვითონ "სალერნიტანასთან" მოიგებს, ხოლო „ლაციო“ „ინტერს“ სტუმრად ვერ დაამარცხებს.