ფეხბურთი

11:00 | 23.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძემ "სენტ ეტიენის" ფანები გააღიზიანა: "მე ლიონიდან ვარ, ახლა კი სენტ ეტიენში ვართ"

„მეცის“ ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ „სენტ ეტიენთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მიზანი მხოლოდ 3 ქულის მოპოვება იყო.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა ფეხბურთელმა პირველი გოლი „სენტ ეტიენის“ ფანების გასაბრაზებლად აღნიშნა: თითებით 69-ის ჟესტი გააკეთა. ამის შემდეგ ორივე გუნდის გულშემატკივრებს შორის სიტუაცია დაიძაბა და ცოტა ხანში მატჩი რამდენიმე წუთით შეწყდა. მიქაუტაძემ ნამატჩევს თქვა, რომ კარგად იცის, როგორი დაძაბული ურთიერთობაა „ლიონსა“ და „სენტ ეტიენს“ შორის.

„ვიცოდით, რომ „სენტ ეტიენი“ 2023 წელს ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო. აქ ერთადერთი მიზნით ჩამოვედით: სამი ქულის ასაღებად და ეს გავაკეთეთ, ძალიან ბედნიერები ვართ. პირველი გოლი? ვიცოდი, რომ იმ ზონაში უნდა წავსულიყავი, რომ თანაგუნდელს პასი მოეცა, რომელმაც ეს გააკეთა. შემდეგ ახლო ძელთან დავარტყი და ბურთი ბადეში აღმოჩნდა.

ვცდილობ, მცველებს ჩემი დაჭერა უფრო გაუჭირდეთ, ძალიან კარგად ვმუშაობ. ეს განსაკუთრებული გამარჯვებაა, რადგან ლიონში დავიბადე? რა თქმა უნდა, მე ლიონიდან ვარ და ჩვენ სენტ ეტიენში ვართ. ვიცი, რა მეტოქეობაა ამ ორ კლუბს შორის. აქ იყვნენ ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები, რომლებიც თამაშს ესწრებოდნენ და მინდოდა ისინი გამეხარებინა, ვფიქრობ, ეს გავაკეთე“, - თქვა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავას 31 შეხვედრაში გატანილი 19 გოლით ლიდერობს. ქართველი 3 გოლით უსწრებს „სენტ ეტიენის“ თავდამსხმელ ჟან-ფილიპ კრასოს.

„მეცი“ 58 ქულით მეორე ადგილზე გადავიდა, მაგრამ კონკურენტ „ბორდოს“, რომელიც ორშაბათს „გრენობლს“ შეხვდება, მხოლოდ ორი ქულით უსწრებს. მიქაუტაძის გუნდი მომდევნო ტურში 29 აპრილს, "პარიზს" უმასპინძლებს.

0.110943