„დორტმუნდმა“ „ბაიერნის“ მარცხით ისარგებლა და ბუნდესლიგას სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე სათავეში ჩაუდგა.
ედინ ტერზიჩის გუნდმა წინა ტურში დაშვებული შეცდომა ამჯერად აღარ გაიმეორა. მოგეხსენებათ, ერთი კვირის წინ „ბორუსიამ“ „შტუტგარტთან“ დაუჯერებლად დაკარგა 2 ქულა, თორემ წინა ტურშივე დაეწეოდა მიუნხენურ გიგანტს.
ამჯერად „დორტმუნდი“ ბევრად კონცენტრირებული გავიდა მოედანზე, რაც შედეგშიც აისახა - 4:0 ფრანკფურტის „აინტრახტთან“, ყოველგვარი კითხვების გარეშე. დუბლი შეასრულა დონიელ მალენმა, თითოჯერ ჯუდ ბელინგემმა და მატს ჰუმელსმა გაიტანეს.
შედეგად, „დორტმუნდმა“ 60 ქულა დააგროვა და ქულით უსწრებს „ბაიერნს“. ტერზიჩის გუნდი მომდევნო ტურში „ბოხუმს“ ესტუმრება.
„დორტმუნდი“ – „აინტრახტი“ 4:0 (3:0)
გოლები: 1:0 ბელინგემი (19), 2:0 მალენი (24), 3:0 ჰუმელსი (41), 4:0 მალენი (66)