ინგლისის პრემიერლიგის 32-ე ტური ლიდერის და აუტსაიდერის დაპირისპირებით დაიწყო, რომელიც ძალზე დრამატული და დაძაბული გამოდგა.
„არსენალს“ ქულები ჰაერივით სჭირდება, ისევე როგორც „საუთჰემპტონს“, ამიტომაც იყო, რომ უშეღავათო ბრძოლა გაიმართა. „წმინდანდები“ ძალიან სწრაფად, 30-ე წამზე დაწინაურდნენ! აარონ რამსდეილის შეცდომით ალკარასმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა. 13 წუთში „მეთოფეებმა“ მეორე გაუშვეს, ამჯერად ტეო უოლკოტისგან , რომელმაც ყოფილ გუნდთან გატანილი გოლი არ აღნიშნა.
მიკელ არტეტას გუნდმა მალევე გაქვითა ერთი ბურთი, მაგრამ მეორე ტაიმში „საუთჰემპტონმა“ ორბურთიანი სტატუსქვო აღადგინა. „არსენალი“ მარცხთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ბოლოს ქულა მაინც გადაარჩინა მარტინ ოდეგორისა და ბუკაიო საკას გოლებით ანგარიში გაათანაბრა - 3:3.
ეს იყო „არსენალისთვის“ ზედიზედ მესამე ფრე! თუ წინა ორ შემთხვევაში „მეთოფეებმა“ ორბურთიანი უპირატესობა გაანიავეს, ამჯერად ყველაფერი პირიქით მოხდა: ორბურთიანი ჩამორჩენა გაქვითა.
ლონდონელებმა 75 ქულა დააგროვეს, მაგრამ პოტენციურად ლიდერობა უკვე დაკარგეს, რადგან „სიტის“ 5 ქულით უსწრებენ, თუმცა ორი თამაშით მეტი აქვთ ჩატარებული. არტეტას გუნდს მომდევნო მატჩი 26 აპრილს, სტუმრად სწორედ „მანჩესტერ სიტისთან“ ელოდება. „საუთჰმეპტონი“ კი 24 ქულით ისევ ბოლო ადგილზეა.
„არსენალი“ – „საუთჰემპტონი“ 3:3 (1:2)
გოლები: 0:1 ალკარასი (1), 0:2 უოლკოტი (14), 1:2 მარტინელი (20), 1:3 ჩალეტა-სარი (66), 2:3 ოდეგორი (88), 3:3 საკა (90)