ფეხბურთი

23:30 | 19.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

კვარა, თავი მაღლა!

პენალტებს მხოლოდ ისინი აფუჭებენ, ვისაც მისი დარტყმის გამბედაობა აქვთ. ასეთ დროს, ასეთი მნიშვნელობის პენალტის დარტყმა კი, მხოლოდ განსაკუთრებულებს შეუძლიათ.

კვარას სეზონი უკვე შემდგარია. ალბათ, ზაფხულში, როცა „ნაპოლიში“ მისი ტრანსფერი დადასტურდა, ვერავინ წარმოიდგენდა იმას, რაც ამ ბიჭმა მოკლე პერიოდში გააკეთა.

ხვიჩას ზურგს უმაგრებდა რუსული პრემიერლიგისა და რამდენიმე სანაკრებო მატჩის გამოცდილება, მაგრამ მოდი, პირდაპირ ვაღიაროთ, რომ ეს მისი პირველი სეზონია დიდ ფეხბურთში და უკვე დიდებში დამკვიდრდა. არ ვაჭარბებთ, ასეა, ხვიჩა უკვე მსოფლიო ფეხბურთის მთავარ სცენაზეა, ახლა ისაა გამოწვევა, რომ იქ დიდხანს დარჩენა მოახერხოს, რაც სულ სხვა და კიდევ უფრო რთული ამოცანაა. პირველ სეზონზე უნდა ვთქვათ: ევროპულ, თანამედროვე ფეხბურთში სხვა ფიზიკური მოთხოვნებია, სხვა გამძლეობაა საჭირო, ერთია რუსეთის ჩემპიონატის დონე და მეორე, სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე კვირაში ორჯერ თამაში. თანაც, ხვიჩამ პრაქტიკულად ეს ორი სეზონი გადააბა: რუსეთიდან წამოსვლის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, მერე ერთა ლიგაზე სანაკრებო 4 მატჩში ითამაშა, შემდეგ იტალიაში წავიდა, საიდანაც დაიწყო და დღემდე არ გაჩერებულა. ბუნებრივია, შეიძლება არსებობდეს დაღლილობის ფაქტორიც.

გუშინდელი მატჩის მერე სპალეტიმ სწორედ ხვიჩაზე საუბრისას თქვა: „ბოლოს დაღლილობა შეეტყო, სუნთქვა უჭირდა, ისევე, როგორც სხვებს. ფაქტია, ბოლო პერიოდში ზოგიერთმა ფეხბურთელმა ენერგია ვერ აღიდგინა“.

რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელია არ არის უნაკლო ფეხბურთელი, აქვს ხარვეზები, რაზეც ნაწილობრივ უნდა იმუშაოს, ნაწილობრივ კი გამოცდილების მიღებასთან ერთად ავტომატურად გამოასწორებს. რასაკვირველია, წმინდა შედეგობრივად „მილანთან“ ორივე მატჩში მისმა გაფუჭებულმა მომენტებმა გავლენა იქონია (პირველ თამაშში პირველ წუთზე რომ გაეტანა, ახლა სხვა ისტორიაზე ვისაუბრებდით). ეს არაა სადაო და არც განსახილველი.

თუმცა, მე პირადად იშვიათად მინახავს და შეიძლება ითქვას, არც მახსენდება, 180 წუთის განმავლობაში ერთ ფეხბურთელს მუდმივად 2-3 მეტოქე უბრალოდ არ სცილდებოდეს, უბრალოდ, ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდეს. თანამედროვე ფეხბურთში განაპირა მცველი თუ შეტევაში არ ერთვება, დიდად ვერ ფასობს და ვინმემ ერთხელ მაინც თუ ნახა დავიდე კალაბრია ამ მატჩებში მეტოქის საჯარიმოსთან? ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ კალაბრია ყველაზე ცუდი განაპირა მცველია სამყაროში. არა, ეს მარტივად გვეუბნება, რომ სტეფანო პიოლიმ მას რთული, მაგრამ ერთადერთი დავალება მისცა, არ მოსცილებოდა კვარას, ეჭვი მაქვს, გასახდელშიც მას აკონტროლებდა... ეს კი უბრალოდ ნიშნავს შიშს, მეტოქეში შიშს კი მხოლოდ დიადები იწვევენ. თუმცა, კვარაზე პერსონალურად მხოლოდ მარჯვენა მცველი არ მუშაობდა. კალაბრიას სისტემატურად და უმალვე აზღვევდა რადე კრუნიჩი, იქვე ტრიალებდა ბრაჰიმ დიასი, ხოლო ჟუნიორ მესიასი კი პიოლიმ მხოლოდ იმისთვის ჩართო თამაშში, რომ კვარას მეურვეობა გაესამმაგებინა. მოკლედ, იოლი არ იყო. ისიც შესამჩნევი იყო, რომ კვარას მარცხენა მცველი, ჯერ მარიო რუი და მერე მატიას ოლივერა ეფექტურად ვერ ეხმარებოდნენ. არადა, ასეთ დროს, როცა ერთ მოთამაშეზე 3 მეტოქეა ორიენტირებული, ფუნდამენტურია მას ახლოს ვინმე დაეხმაროს, რომელიც მცველების ყურადღებას მიიქცევს.

თითქმის შეუძლებელია ასეთ მარწუხებს გაუმკლავდე, მაგრამ მაინც იმდენი მოახერხა, რომ თამაშის მთავარი გამამწვავებელი იყო. "ნაპოლი" თუ რაიმე ღირებულს ქმნიდა, ყველაფერი ხვიჩას წყალობით ხდებოდა. ბევრს უკვე აღარ ახსოვს, რადგან ყველაფერი პენალტმა გადაფარა, მაგრამ ნეაპოლელთა ერთადერთი საგოლე შეტევა ვინ დაიწყო? ხვიჩამ - სწორედ მან გადაიტანა ბურთი იდეალურად და დროულად ჯაკომო რასპადორიზე.

ბევრმა განტევების ვაცი ქართველ ფეხბურთელში იპოვა და ყველაფერი გაცუდებულ პენალტს დააბრალეს. თუმცა, რეალობა ასეთი ნამდვილად არ არის: როგორ მოიგო „მილანმა“? არა კვარას არაზუსტი პენალტით, არამედ კლასით (იმის მიუხედავად, რომ ეს „მილანი“ ყველაზე მაღალი კლასის კლუბების რიგებში ნამდვილად არ შედის), არამედ ტაქტიკურად, არამედ ეშმაკურად. გავიხსენოთ, პატარ-პატარა ბინძური ფოლები (თავი დავანებოთ მსაჯების შეცდომები იყო თუ არა, ეს ფოლებიც ფეხბურთის ნაწილია), პატარ-პატარა პროვოკაციები.

სპალეტიმ მატჩის შემდეგ თქვა: ორი მინი ჯარიმის არაღების გამო ეს ორი თამაში წავაგეთო. და, მართლაც ასეა, გავიხსენოთ „მილანთან“ მატჩებში „ნაპოლის“ ორივე გაშვებული გოლი, რომლებიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ერთმანეთს: ორივე კონტრშეტევაზე, ორივე „ნაპოლის“ მოედნის ცენტრში დაკარგულ ბურთზე და ორივე შემთხვევაში შეეძლოთ ნეაპოლელებს ჯერ ბრაჰიმ დიასის და მერე რაფაელ ლეაუს წაქცევა, მაგრამ ეს, არ თუ ვერ გააკეთეს. ამან შექმნა განსხვავება, არა იმან, რომ რაფაელ ლეაუ კვარაზე მაგარი ფეხბურთელი, სულაც არა! პორტუგალიელს აქვს თავისი უპირატესობები კვარასთან მიმართებაში, უპირველეს ყოვლისა ფიზიკური მომზადება, ალბათ, სისწრაფეც, მაგრამ ქართველი ვარსკვლავიც დიდებულია. აბა, წარმოვიდგინოთ და როლები რომ გავუცვალოთ: ლეაუ მთელი თამაში 2-3 მეტოქის პირისპირ, კვარაცხელია ღია სივრცეებში, სადაც ის უბრალოდ დაუნდობელია, რაც არაერთხელ დაუმტკიცებია. მიუხედავად მარწუხებისა, კვარა მაინც ქმნიდა ხიფათს, მეორე ტაიმის სტარტზე ორჯერ პირადად შეიქმნა რეალური მომენტი, ოღონდ, კარს ზემოდან ორჯერვე ააცილა.

სხვაობა შექმნა გამოუცდელობამ, ზედმეტმა ეიფორიამ, მაისურის ფერმაც კი. დიახ, „მილანი“ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 16 წლის შემდეგ დაბრუნდა, მაგრამ ამ ტურნირზე მაინც „მილანია“, ისტორია არ იშლება. ნეაპოლში კი დიდი ეიფორია იყო, არა გუნდში, არამედ უფრო ტიფოზებში - ისინი წილისყრის დასრულების შემდეგ უკვე ზეიმობდნენ, არათუ „როსონერისთან“ მოგებას, არამედ სულაც ფინალში გასვლას. რაც იმთავითვე დიდი შეცდომა იყო.

სტეფანო პიოლისთან ტაქტიკური დუელი ცალსახად წააგო ლუჩანო სპალეტიმ. 16 დღეში ეს გუნდები 3-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, სამჯერვე „მილანმა“ სასურველ შედეგს მიაღწია, რაც ბუნებრივია შემთხვევით ვერ მოხდებოდა. შემთხვევით შეიძლება ერთხელ მოიგო, სამჯერ უკვე კანონზომიერებაა. პიოლიმ ძალიან კარგად გაშიფრა „ნაპოლი“, სხვათა შორის, ჯერ კიდევ სექტემბერში გამართული მატჩიდან, რომელიც ნეაპოლელებმა 2:1 მოიგეს, გამოიტანა დასკვნები - მთელი აქცენტი კვარაცხელიას დაუთმო და ქართველს თუ ხელ-ფეხს შეუკრავ, „ნაპოლის“ თამაშის წყაროების დიდი ნაწილიც იკეტება. პიოლიმ ისიც ზუსტად გათვალა, რაში იყო მისი გუნდის ძლიერი მხარეები და უპირატესობები: „მილანი“ მეტოქეს ვერ აჯობებდა ბურთის ფლობით და პირველ ნომრად თამაშით, გამორიცხულია, ამრიგად, ნეაპოლელთა ხელში ერთადერთი კოზირი დარჩა - კომპაქტური დაცვა, აგრესიული ნახევარდაცვა და კონტრშეტევების ლოდინი. კონტრშეტევებზე კი რაფაელ ლეაუ და ბრაჰიმ დიასი ძალიან ძლიერები არიან, მეტწილად მაინც პორტუგალიელი. ეს ყველაფერი „როსონერის“ თავკაცმა მაგრად წაიკითხა, არადა, 26 თებერვლის შემდეგ „მილანმა“ იცით, ყველა ტურნირზე 9 მატჩიდან რამდენი თამაში მოიგო? მხოლოდ 2 - ორივე „ნაპოლის“ წინააღმდეგ! ესეც არ არის დამთხვევა. პარალელურად, სპალეტის არსენალში არ აღმოაჩნდა კონტრზომები. „ნაპოლი“ მთელი სეზონი იდეალურად აწყობილი მანქანა იყო, დაუნდობელი და მრისხანე, მაგრამ სანაკრებო პაუზიდან დაბრუნების შემდეგ თითქოს, გუნდი ტონუსიდან ამოვარდა. ყველაფერს დაემატა ვიქტორ ოსიმენის ტრავმა, რომელიც გუშინდელ თამაშს ცუდ ფორმაში შეხვდა, იდეალური ფორმისგან შორს არიან სხვებიც. დიდი დანაკლისი იყო კიმ მინ-ჯესა და ზამბო ანგისას არყოფნაც. დამთხვევა ალბათ არც ისაა, რომ ანგისას შემცვლელმა ტანგი ნდომბელემ დაკარგა ბურთი, რასაც „მარადონაზე“ ლეაუს გარღვევა და ჟირუს გოლი მოჰყვა. „ნაპოლიზე“ ცუდად იმოქმედა პირველივე ტაიმში ორმა იძულებითმა შეცვლამ.

სანამ, "მილანთან" ორმატჩიანი დუელი შედგებოდა, ერთი-ორი დღით ადრე, ერთ-ერთი ნეაპოლური გამოცემის გამოკითხვა ვნახე, რომელიც ნეაპოლში, "სტადიო მარადონას" მიმდებარედ ჩატარდა. შეკითხვა მდგომარეობდა შემდეგში: რა ურჩევნიათ - "იუვენტუსის" სერია B-ში გაგდება თუ "მილანთან" "ნაპოლის" გამარჯვება და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ისტორიაში პირველად გასვლა. გამოკითხულთა უმეტესობა, 65-70% მაინც, დაუფიქრებლად და სიამაყით პასუხობდა, რომ "იუვეს" დაქვეითება მათთვის უფრო სასურველი იყო. სწორედ ამ ვიდეოს ყურებისას მივხვდი, რომ "ნაპოლი" "მილანს" ვერ მოუგებდა. იმიტომ, რომ "აძურის" არ აქვს დიდი გუნდის მენტალიტეტი, არ აქვს დიადი ისტორია და რაც მთავარია, ქომაგებისთვის მთავარი არა თავიანთი გუნდის წარმატება, არამედ მეტოქის წარუმატებლობაა. შეუძლებელია, ამ განწყობით და მენტალიტეტით "ნაპოლიმ" ოდესმე მოახერხოს სტაბილურად მწვერვალზე დარჩენა, ცხადია იქნება ცალკეული გამონათებები, მაგრამ ეს ვერ მიიღებს მუდმივ სახეს, შეუძლებელია.

დასაწყისშივე ვთქვი, პენალტის შესრულებას გამბედაობა სჭირდება, კლასთან ერთად. პენალტები უდიდეს ფეხბურთელებს გაუცუდებიათ, უფრო მნიშვნელოვან და გარდამტეხ მომენტებში, ეს კვარაცხელიას უფრო გააძლიერებს, უფრო მეტს ასწავლის და მეტიც, ეს შეცდომა ვერაფერს დააკლებს.

პირდაპირ უნდა ითქვას ისიც, რომ ეს ბიჭი რომ არა, „ნაპოლი“ ახლა დიდი ალბათობით საერთოდ არ იქნებოდა იქ, სადაც არის - ვერც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდოდა თავის ისტორიაში პირველად და არც იტალიის ჩემპიონობასთან იქნებოდა 33-წლიანი პაუზის შემდეგ ძალიან ახლოს. ეს ყველაფერი, რომ ახლა მოხდა, არც ეს არის დამთხვევა. კვარამ არა მარტო საქართველოში, არამედ ნეაპოლშიც შეაცვლევინა ხალხს ფეხბურთზე შთაბეჭდილება, მართლა ასეა, არ მგონია, ვაჭარბებდე.

პენალტი რომ გააცუდა, ეს ზემოდან დაწერილ ისტორიას ჰგავს, რომელზეც მომავალში ბევრი სტატია დაიწერება, დარწმუნებული ვარ. სწორედ ეს ქმნის ფეხბურთს, ეს აყალიბებს დიდ ფეხბურთელს და უფრო მეტიც: ზოგჯერ დიდ ფეხბურთს ზოგადად უხდება მსგავსი დრამატიზმი.

ახლა მთავარია, მთლიანობაში დარჩეს იმ სიმაღლეზე, რომელსაც მიღწია. იქამდე მისვლა რთულია, მაგრამ გაცილებით რთულია იქ დარჩენა! ამიტომ, კვარას წინაშე დიდი გამოწვევაა, მაგრამ, რასაც ამ ბიჭის ხასიათში ვხედავ, საერთოდ არ მეპარება ეჭვი, რომ აუცილებლად დარჩება - სხვანაირი ტიპია, აბსოლუტურად განსხვავებული. ნუ დაგვავიწყდება, რომ ყველაფერთან ერთად 22 წლისაა. ფეხბურთისთვის მოწიფულ ასაკში ჯერ სულაც არ არის, პიკი 5-6 წლის მერე უნდა ჰქონდეს და ექნება კიდევაც, მჯერა.

პირველივე სეზონში მან უკვე ძალიან ბევრს მიაღწია და წყალგაუვალი ფაქტის წინაშე დაგვაყენა აბსოლუტურად ყველა: მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი და მომავლის ფეხბურთელი - ქართველია!

უბრალოდ, ბევრმა უნდა გავითავისოთ და ამ ბიჭს ზედმეტი ტვირთი არ ავკიდოთ, წნეხი ისედაც დიდი აქვს: ხვიჩა არ არის მარადონა, არც იქნება, მარადონა ვერავინ იქნება, მაგრამ ხვიჩა არის და იქნება, ხვიჩა კვარაცხელია. ჰო, კვარადონა იმიტომ არ შეურქმევიათ, რომ მასში მარადონას თამაშის სტილის ასლი და იდენტური ქარიზმაა, არა, უბრალოდ ფაქტებმა დაალაგა ასე: „ნაპოლი“, ნეაპოლი, თამაშის არტისტული უნარი, იტალიელებისთვის რთულად წარმოსათქმელი გვარი და მერე ვიღაცას გონებაში ასოციაცია გაუჩნდა: კვარა? მარა...დონა? კვარადონა! სულ ესაა. კვარა ვერ მოაგებინებს საქართველოს ნაკრებს მარტო მსოფლიოს ჩემპიონატს, ამას არ სჭირდება ბევრი ანალიზი, ეს არის ხელის გულზე გამოტანილი ფაქტი. ისე კი, კვარადონას მეტსახელს ნამდვილად იმსახურებს და ძალიანაც უხდება.

უნდა ვიცოდეთ, რომ კვარა ყველა თამაშში ვერ იქნება აბსოლუტური პროტაგონისტი და საუკეთესო მოთამაშე. ზოგჯერ ნაკლებად იკაშკაშებს, ზოგჯერ მეტად, აქამდე არ დაბადებულა ფეხბურთელი, რომელსაც თამაში არ ჩაუგდია, ეს ბუნებრიობაა, ამიტომაც, ფუჭი მოლოდინი არ უნდა არსებობდეს, ეს ცუდია ცხოვრებაშიც და ფეხბურთშიც. ზოგადად, ცხოვრებას და ფეხბურთს ბევრი საერთო იდენტობა აქვთ.

ფაქტი კი ფაქტად რჩება: კვარაცხელიამ ამ პატარა დროში საქართველოსთვის ხილულად თუ უხილავად, ნებსით თუ უნებლიედ, ძალიან დიდი საქმე გააკეთა, რაც მომავალში უფრო გამოჩნდება. ვინც მას პირადად ერთხელ მაინც შეხვედრია, იცის, რომ ძალიან თავაზიანი, მშვიდი და თავმდაბალი პიროვნებაა, საპირისპიროს უბრალოდ ვერავინ იტყვის. ეს თვისებები კი მას დიდი ხანი საფეხბურთო მწვერვალზე დატოვებს.

ბოლოს, გუშინდელი პრესკონფერენციიდან ისევ სპალეტის სიტყვებს მოვიშველიებ: „კვარა ჯანსაღი ბიჭია, მგრძნობიარე, საოცარი ხარისხი აქვს. შესანიშნავი ბიჭია, ბედნიერი ვარ მასთან მუშაობით და თავისი ხარისხით დაგვეხმარება იმ დიდი მიზნის მიღწევაში, რომელიც წინ გვაქვს, ჩვენ ის გვჭირდება“.

დიახ, კვარაცხელია „ნაპოლის“ დაეხმარება 33-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად და ისტორიაში სულ მე-3 სკუდეტოს მოგებაში, რაც მას სამუდამოდ გახდის ნეაპოლში დაუვიწყარს და როგორც მინიმუმ იქ, სამუდამოდ გაიხსენებენ თვით დიეგო მარადონასთან ერთად. და, კიდევ ვეთანხმები სპალეტის, კვარა მარტო მათ კი არა, ჩვენც გვჭირდება - მან საქართველოში ფეხბურთის ინტერესი დააბრუნა და ხალხში იმედი გააჩინა. ამიტომაც, მჯერა, რომ ბოლო თამაში მას კიდევ უფრო გააძლიერებს.

0.115189