ჭიდაობა

20:17 | 18.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გრძელდება ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, რომლის მეორე საშეჯიბრო დღეს ასპარეზობაში დარჩენილი 5 წონითი კატეგორიის წარმომადგენლები ჩაერთნენ.

5-დან ოთხი ქართველი ნახევარფინალში გავიდა, მაგრამ ფინალში მხოლოდ გენო პეტრიაშვილი იასპარეზებს, რომელიც 19 აპრილს ოქროს მედლისთვის იჭიდავებს, ხოლო 3 ქართველი ხალიჩაზე ბრინჯაოსთვის გავა.

პეტრიაშვილმა (125 კგ) ფინალამდე ბერძენი აზამატ ხოსონოვი (12:2) და უნგრელი დანიელ ლიგეტი დაამარცხა (7:4), ხვალ კი ოქროს მედლისთვის თურქ ტაჰა აკგულს გაეჯიბრება.

61 კგ წონით კატეგორიაში შოთა ფარტენაძემ უნგრეთის სახელით მოასპარეზე გამჯატგაჯი ხალიდოვი 5:1 დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში ბოლო ქულებით ალბანელ ზელიმხან აბაკაროვთან მარცხი განიცადა (4:4), შესაბამისად, ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

74 კგ წონით კატეგორიაში ავთანდილ კენჭაძემ უკრაინელი სემენ რადულოვი (8:0) და შვეიცარიელი ტობიას პორტმანი (11:0) დაამარცხა, ნახევარფინალში კი სლოვაკეთის სახელით მოასპარეზე ტაიმურაზ სალკაზანოვთან 1:5 წააგო, შედეგად, ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის გავა ხალიჩაზე.

ასევე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს მირიან მაისურაძე (92 კგ), რომელმაც საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ფილიპ ფინესილვერთან 7:0 მოიგო, მაგრამ ნახევარფინალში თურქ ფეიზულაჰ აკტურკთან მარცხი განიცადა და ხვალ ისიც ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.

ტარიელ გაფრინდაშვილმა (86 კგ), მეოთხედფინალამდე ლიეტუველი დომანტას პაულიუსჩენკო (13:2) და უკრაინელი ვლადისლავ პრუსი (14:7) დაამარცხა, მაგრამ მეოთხედფინალში პოლონელ სებასტიან იეჟიერზანსკისთან 2:3 წააგო, რომელიც ფინალში ვერ გავიდა და ქართველმა რეპეშაჟში ვერ გადაინაცვლა, შესაბამისად, მედლის შანსი დაკარგა.

0.106028