„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ Radio Kiss Kiss Napoli-სთან ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, „მილანისთვის“ შემადგენლობა უკვე თითქმის შერჩეული ჰყავს. სპალეტიმ ასევე ხაზი გაუსვა გულშემატკივრების პროტესტის შეწყვეტას.
„ველოდი, რომ „ვერონასთან“ მატჩი ძალიან რთული იქნებოდა. ბურთის ფლობის ფაზაში მათ მოთამაშეებს შორის სივრცეებს ვერ ვპოულობდით. ისინი მიჩვეულები არიან ასეთი ტიპის მატჩების თამაშის და მათ ეს დამოკიდებულება დაეხმარათ.
„ნაპოლი“ კარგია, როგორც საკუთარ მოედანზე, ისე სტუმრად. შესაძლოა, გასვლაზე უფრო მეტი ქულა იმიტომ გვაქვს, რომ მასპინძელი გუნდები უფრო ცდილობენ გახსნილ თამაშს, ხოლო „მარადონაზე“ უფრო ქვემოდან და ჩაკეტილი გვეთამაშებიან, შესაბამისად, ყველაფერი რთულდება.
ოსიმენს მოაქვს დიდი უნთუზიაზმი, თამაშში სწრაფადვე ჩაერთო, მას ეს 25 სჭირდებოდა, რომ „მილანისთვის“ მომზადებულიყო. შემადგენლობა? მეტ-ნაკლებად უკე ჩამოყალიბებული ვარ, თუმცა, ცხადია ფეხბურთელები მატჩამდე ბოლო ვარჯიშზე უნდა ვნახო.
ტიფოზების მხარდაჭერა ჩვენთვის ფუნდამენტურია. ძალიან გამიხარდა, რომ ისინი დაბრუნდნენ და ეს დე ლაურენტისის დამსახურებაა. უსამართლობა იყო ჩვენი ფეხბურთელებისთვის გულშემატკივართა მხარდაჭერის შეწყვეტა. ახლა, როდესაც ყველანი გაერთიანებული ვართ „ნაპოლის“ სიყვარულით, ყველაფერი უფრო ადვილი ხდება“, - თქვა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „მილანის“ მატჩი 18 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.