ტურ დე ფრანსის ორგზის ჩემპიონმა, სლოვენიელმა ტადეი პოგაჩარმა პრესტიჟული ერთდღიანი რბოლა, ამსტელ გოლდი მოიგო. მიმდინარე სეზონში ეს მისი მე-11 გამარჯვებაა. 24 წლის პოგაჩარმა კლასიკური რბოლის ბოლო 30 კილომეტრი მარტომ გაიარა და ფინიშიც პირველმა გადაკვეთა.
მეორე ადგილი ირლანდიელმა ბენ ჰილიმ დაიკავა, მესამეზე კი ბრიტანელი ტომ პიდკოკი გავიდა, რომელმაც ფინიშთან დანიელ ანდრეას კრონს და ყაზახ ალექსეი ლუცენკოს მიასწრო. კვარცხლბეკზე სამეულმა გამარჯვება შამპანურის ნაცვლად, ლუდ ამსტელ გოლდით აღნიშნა.
ბოლო აღმართის წინ, პოგაჩარს ველოსიპედის შეცვლამ მოუწია. მაგრამ ამის მიუხედავად, სწორედ ამ აღმართზე შეძლო პიდკოკის ჩამოტოვება და დაწინაურება.
„კარგა ხანს მანქანის გარეშე ვიყავით, მაგრამ ის დროულად წამოგვეწია და ველოსიპედის შეცვლის საშუალებაც მომეცა. ეს ბოლო აღმართების წინ მოხდა“, - ყვება პოგაჩარი და დასძენს, რომ სწორედ ამ აღმართზე შეტევის რჩევა, ჰოლანდიელი მეტოქის, მატიო ვან დერ პოელისგან მიიღო და მას მადლობა გადაუხადა.
პოგაჩარი ამ გამარჯვებას არ სჯერდება და უახლოეს დღეებში კიდევ ორ პოპულარულ კლასიკურ რბოლაში - ფლეშ ვალონსა და ლიეჟი-ბასტონ-ლიეჟში ასპარეზობას გეგმავს.