რომის „ლაციოს“ და იტალიის ნაკრების თავდამსხმელი ჩირო იმობილე ავტოავარიაში მოჰყვა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
შემთხვევა რომში, „სტადიო ოლიმპიკოდან“ რამდენიმე კილომეტრში მოხდა. ჩიროს ნეკნის რთული მოტეხილობა და ხერხემლის ტრავმა აღენიშნება.
„დღეს, ავტოსაგზაო შემთხვევაში შედეგად ჩირო იმობილემ ხერხემლის დაზიანება და ნეკნის მოტეხილობა მიიღო. ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ფეხბურთელი რჩება დაკვირვების ქვეშ“, - ნათქვამია რომაული კლუბის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ჩიროსთან ერთად მანქანაში მისი შვილებიც იყვნენ, საბედნიეროდ, ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს. როგორც იტალიელი ჟურნალისტები წერენ, მანქანა ტრამვაის შეეჯახა. დაზიანდა კიდევ 7 ადამიანი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.