ფეხბურთი

10:28 | 16.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძე: "მომავალი? ახლა მხოლოდ სეზონზე ვარ კონცენტრირებული, დანარჩენს მერე ვნახავთ"

„მეცის“ ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ „ბორდოსთან“ (3:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ქართველმა თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. როგორც მან თქვა, მიზანი ლიგა 1-ში გადასვლაა და ამჟამად მხოლოდ ამაზეა კონცენტრირებული.

„ვფიქრობ, წითელმა ბარათმა საქმე გაგვიადვილა. პირველი გოლი მეორე ტაიმის დასაწყისშივე გავიტანეთ, რასაც მეორე და მესამე გოლები მოჰყვა. მათ ცოტა აგრესია აკლდათ, სხვა თამაშებში უფრო რთული დაცვის წინააღმდეგ მიწევდა თამაში, დღეს კი უფრო მეტი სივრცე ვიპოვე, რაც ჩემთვის კარგია.

მეორე ადგილისთვის ბრძოლაში დავბრუნდით. ახლა ასე უნდა გავაგრძელოთ, რომ ჩვენს მიზანს მივაღწიოთ, რაც რა თქმა უნდა, ლიგა 1-ში გადასვლაა. ვნახეთ, რომ სტადიონი სავსე იყო, ამიტომ გვინდოდა, ისინი გამარჯვებით გაგვეხარებინა. ფანების გამო ყველაფერი გავიღეთ და მეორე ადგილს მივუახლოვდით. ორიე გოლი კარგი იყო, მაგრამ თუ არჩევანი უნდა გავაკეთო, მეორე უფრო მომეწონა.

მომავალი? კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე მაქვს გაფორმებული. ამჟამად კლუბთან ერთად ლიგა 1-ში აღზევებაზე ვარ კონცენტრირებული და დანარჩენს მერე ვნახავთ“, - თქვა მიქაუტაძემ.

„მეცმა“ „ბორდოსთან“ მოგებით 55 ქულა დააგროვა, მესამე ადგილზეა და სწორედ „ბორდოს“, რომელიც ლიგა 1-ში გადასასვლელ მეორე საფეხურზეა, ერთადერთი ქულით ჩამორჩება. გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავას 30 მატჩში 17 გოლით ლიდერობს და ორი გოლით უსწრებს ჟან-ფილიპ კრასოს, ამასთან 7-ჯერ საგოლე პასიც გააკეთა.

0.1304