მონტე კარლოს მასტერსის სერიის ტურნირს მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი გამოეთიშა. სერბი ჩოგბურთელი იტალიელმა ლორენცო მუსეტიმ 4-6, 7-5, 6-4 დაამარცხა. ამგვარად, ჯოკოვიჩის ანგარიშზე ისევ მასტერსის 38 ტიტულია.
ეს ორი ჩოგბურთელი ერთმანეთს 2021 წლის როლან გაროსზეც შეხვდა და მაშინ ჯოკოვიჩმა ორსეტიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა და გამარჯვება შეძლო. ამჯერად კი ეს აღარ გამოუვიდა.
ორივე ჩოგბურთელს საკუთარ მოწოდებაზე თამაში გაუჭირდა. ამის შედეგად, სამ სეტში ორივე მხრიდან, სულ 15 ბრეიკი დაფიქსირდა. ასეთ ქაოსში თავიდან სერბმა იმარჯვა და პირველი სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა. მაგრამ ამან მუსეტი ვერ გატეხა. მან თამაში გამოასწორა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.
წვიმის გამო თამაში კარგა ხნით შეწყდა, მაგრამ ამან მუსეტი რიტმიდან ვერ ამოაგდო. 21 წლის იტალიელმა კარგად ისარგებლა ტიტულოვანი მეტოქის ცუდი მოწოდებით და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა.
მუსეტის მომდევნო მეტოქეა თანამემამულე იანიკ სინერი, ვინც ტურნირს პოლონელი ჰუბერტ ჰურკაჩი გამოთიშა.